Woman Is the Nigger of the World ჯონ ლენონისა და იოკო ონოს კოლაბორაციული პროექტის, Plastic Ono Band-ის მიერ 1972 წელს გამოცემული სინგლია. სიმღერის პრო-ფემინისტური ტექსტის გამო, ლეგენდარულ წყვილს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციამ (NOW) სპეციალური ჯილდოც კი გადასცა.

სამწუხაროდ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგანაც იმდროინდელი საზოგადოების განხილვის მთავარი საგანი მაინც სულ სხვა რამ აღმოჩნდა: რამდენად პოლიტკორექტულია სიმღერის სათაური? დიკ კავეტის შოუში სტუმრობისას, ლენონმა ირონიულად განმარტა, რომ სიმღერის სათაურით აღშფოთებულები უმთავრესად თეთრკანიანი მამაკაცები იყვნენ.

საქართველოში, 2019 წლის 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული. ზუსტად ერთ თვის თავზე, 3 ივნისს, სექსუალური შევიწროების ფაქტზე ერთი პირი დაჯარიმდა. გამოძიებამ მოპოვებული მტკიცებულებებით დაადგინა, რომ დამნაშავემ დაზარალებულს სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა და საკუთარი მოტივაციის თვალსაჩინოებისთვის სასქესო ორგანო აჩვენა. მსგავსი ტიპის დანაშაული სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

ამ ფაქტის შესახებ ფეისბუქ სივრცეში განხილვა ერთი კითხვის ირგვლივ აეწყო: არის თუ არა ქუჩაში უცნობი ქალისთვის პენისის ჩვენება სექსუალური ძალადობა? დისკუსია იმდენად შორს წავიდა და გასცდა არსებით პრობლემაზე მსჯელობის ფარგლებს, რომ რაღაც მომენტში იმაზე მიდიოდა კამათი, საერთოდაც არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობა?

ისევე, როგორც ვერანაირი პოლიტიკური შეხედულება ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ გლობალურ დათბობაში უმთავრესი როლი ადამიანს მიუძღვის და ვაქცინები აუტიზმს არ იწვევენ, ანალოგიურად — სექსუალური ძალადობით გამოწვეული ფსიქიკური ტრავმების რაობა ინდივიდუალური შეხედულებების სფეროს არ განეკუთვნება, იგი ფაქტობრივი ხასიათისაა. ეს ფსიქიატრიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ.

უპირველესად, განვმარტოთ ძირითადი ტერმინები

სექსუალური ძალადობა ნებისმიერი სახის არასასურველი სექსუალური ქმედებაა. იგი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური (შეხება, გაუპატიურება) ასევე არა-ფიზიკური (ვერბალური).

კანონში სექსუალური შევიწროება განმარტებულია, როგორც ინდივიდის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და უქმნის მას დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

ზემოთ აღწერილი კონკრეტული შემთხვევის ანალიზს თუ მივყვებით, აუცილებელია გამოვკვეთოთ დამნაშავის მოტივი: რა მიზანს ემსახურება სასქესო ორგანოს გაშიშვლება?

ყველაზე ხშირად, ამ ქმედების მიზანი სექსუალური თვითდაკმაყოფილებაა და იგი პერვერსიად ანუ პარაფილიად კლასიფიცირდება. კონკრეტულად სასქესო ორგანოს გაშიშვლებას და მის ჩვენებას უცხო ადამიანისთვის, რომელიც მსგავსი ქმედებისთვის მზად არ არის, ექსჰიბიციონიზმი ეწოდება. შესაბამისად, ეს უკვე ცალსახად გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალადობას/შევიწროებას. ექსჰიბიციონისტის სექსუალურ აღგზნებას იწვევს უშუალოდ გაშიშვლების ფაქტი, ხოლო ორგაზმი მიიღწევა გაშიშვლების თანმდევად, ან მის შემდგომ მასტურბაციით.

ექსჰიბიციონისტთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია. სამედიცინო ლიტერატურის ანალიზით დგინდება, რომ მათი უმრავლესობა უვნებელია და მხოლოდ მცირე ნაწილი პროგრესირდება შემდგომში უფრო სერიოზულ სექსუალურ მოძალადედ. მსგავსი შეფასება უნებურად გაავებული, მყეფარი ძაღლის პატრონის სიტყვებს მოგაგონებთ: "ნუ გეშინია, არ გიკბენს!" კბენის შემდგომ, ის თქვენზე უფრო მეტად გაოცებულია ხოლმე.

რა გავლენას ახდენს სექსუალური ხასიათის ძალადობა მსხვერპლზე?

სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ყველაზე ხშირად უვითარდებათ მწვავე სტრესული აშლილობა, რომლის ხანგრძლივობაც თუ ერთ თვეს გადააჭარბებს, ყალიბდება პოსტ-ტრავმული დისტრესის სინდრომი (PTSD).

დაავადების ნიშნებს წარმოადგენს:

  1. მსხვერპლი განმეორებით, მრავალგზის განიცდის სექსუალური ძალადობის დროინდელ ემოციურ მდგომარეობას - პერიოდულად აღენიშნება ე.წ. Flashback-ები;
  2. მუდმივად ცდილობს თავი აარიდოს ტრავმასთან დაკავშირებულ გამაღიზიანებლებს;
  3. ტრავმული მოვლენის შემდგომ, მსხვერპლის კოგნიტური მდგომარეობის და ხასიათის გაუარესება;
  4. ტრავმული მოვლენის შემდგომ, სქესობრივი ცხოვრება უარესდება.

PTSD-ის სიმწვავის კოგნიტური შეფასებისას მნიშვნელოვანია, თუ როგორ აანალიზებს მომხდარს მსხვერპლი:

1. ძალადობის მომენტში კოგნიტური პროცესინგის სტილი

  • მენტალური დამარცხება ("საკუთარი თავი ადამიანად აღარ მიმაჩნდა");
  • მენტალური დაბნეულობა ("ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი მე მემართებოდა");
  • განცალკევება ("მე ავტომატურად გამოვეთიშე მიმდინარე პროცესს").

2. ძალადობის შედეგების ანალიზი

  • ტრავმული სიმპტომების ანალიზი ("თავდასხმის შემდგომ, ჩემი რეაქციები მიუთითებს, რომ ჭკუიდან ვიშლები");
  • სხვებისგან უარყოფითი პასუხების მიღება ("ადამიანებმა, რომლებსაც ჩემს გვერდით მოვიაზრებდი, ზურგი მაქციეს", "სხვებს ჩემს გამო რცხვენიათ");
  • სამუდამო სახეცვლილება ("თავდასხმის შემდგომ, ჩემი ცხოვრება არასდროს შეიცვლება", "ვერასოდეს გამოვკეთდები, "ასე მგონია, საკუთარ თავს საერთოდ აღარ ვიცნობ").

3. უარყოფითი შეხედულებები საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ

"საკუთარ შეფასებებს ვეღარასოდეს ვენდობი", "სამყარო ბნელი და ბოროტია, "სამართლიანობა ქვეყნად არ არსებობს".

შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნება ის პარადოქსული ფაქტი, რომ საქართველოში, 2018 წელს სექსუალური ძალადობის მხოლოდ 25 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ ვერ ბედავს ხმამაღლა საუბარს.

უვითარდებათ თუ არა PTSD ექსჰიბიციონისტთა ძალადობის მსხვერპლებს?

იმისათვის, რომ მსხვერპლმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს, ფიზიკური კონტაქტი არ არის აუცილებელი და ეს ფენომენი "მენტალური კონტამინაციის" სახელით არის ცნობილი. აღნიშნული ფენომენი აღწერს სიბინძურის ემოციურ განცდას, რომელიც მუდმივად თან სდევს ტრავმული მოვლენების და სექსუალური ძალადობის გახსენებას.

მსგავსი სიმპტომატიკა გვხვდება ობსესიურ-კომპულსური აშლილობის დროს, როდესაც პაციენტს აღენიშნება დაბინძურების შიში, რაც გამოიხატება აკვიატებული ქმედებებით: ხელების ხშირი დაბანით, ჭუჭყის გამუდმებით წმენდით და ა.შ.

მენტალური კონტამინაციის შემდგომ, პაციენტები შინაგანი სიბინძურის განცდას ვერაფრით იშორებენ. შესაძლოა ასეთ დროს სექსუალური ძალადობის ფაქტის გახსენებას თან ახლდეს ძლიერი შფოთვა და დაბანის დაუოკებელი სურვილი. შორს წასულ შემთხვევებში საბოლოოდ ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ყალიბდება.

PTSD ხშირად ღრმა დეპრესიის წინა პირობაა, რასაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საბოლოოდ ნორმალური სოციალური ცხოვრების მოშლამდე და ზოგჯერ თვითმკვლელობამდე მიჰყავს.

მოკლედ და მარტივად რომ შევაჯამოთ: სექსუალური ხასიათის ფსიქოლოგიური ტრავმა გაზომვადი მოცემულობაა, მას აუცილებლად ფიზიკური კონტაქტი არ სჭირდება და ფსიქიატრს მისი ამოცნობა მარტივად შეუძლია.

რა სახით უნდა იყოს დასჯადი მსგავსი ტიპის ძალადობა?

მიმაჩნია, რომ 300 ლარიანი ჯარიმა არ წარმოადგენს დასჯის ადეკვატურ სახეს, რადგანაც ეს ნამდვილად არ იქნება იმის გარანტი, რომ იგივე ქმედება შემდგომში აღარ განმეორდება. ასევე, ძალზედ ბუნდოვანია სექსუალური ძალადობის მსხვერპლს რაში დაეხმარება მოძალადის მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფული. ეს მის ფსიქიკურ ტრავმას ნამდვილად ვერ მოაშუშებს.

უფრო მართებული იქნება, ეს მცირედი კომპენსაცია უშუალოდ დაზარალებულის ფსიქიკურ რეაბილატაციას მოხმარდეს. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია, დანაშაულის შემდგომი პრევენციის საკითხებში ფსიქიატრებიც აქტიურად ჩაერთონ, რადგანაც სამედიცინო ლიტერატურის ანალიზი გვაჩვენებს, რომ სექსუალურ მოძალადეთა უმრავლესობა წარსულში თვითონვე იყო სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი.

დაზარალებულ ქალთა უმრავლესობის ისტორიებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ უშუალოდ ძალადობის ფაქტის გარდა, მათთვის ასევე ძალზედ მტკივნეულია პოლიციასთან კომუნიკაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებისთვის კი, სამინისტრომ 8 პოლიციელს დისციპლინური სახდელი დააკისრა.

არის ასეთი ფრაზა ჟან-პიერ ჟანეს ოსკარის ნომინანტ რომანტიკულ კომედიაში ამელი პულენის განუმეორებელი ბედი:

"როდესაც თითი ცისკენ არის გაშვერილი, მხოლოდ სულელი უყურებს თითს".