თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. ის ციხეში 25 ივლისამდე დარჩება. პირველი არხის ინფორმაციით, პროკურატურამ მის ქმარს, იური სუსლიაკს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა, რაზეც მან უარი თქვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება იულია სუსლიაკს ადვოკატი ზურაბ თოდუა. მან On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუქტურა დაინტერესებულია საქმის გაჭიანურებით და სუსლიაკის ბრალი მოგონილია.

"ძალოვანი სტრუქტურა არის უქნარა, არ ასრულებს საგამოძიებო მოქმედებებს, რის გამოც სასამართლო თავისი შეხედულებებით რამდენი დღეც დასჭირდება გვიგრძელებს ვადას. საქმე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევასთან, როდესაც სრულიად დაუსაბუთებელი, მოგონილი ბრალით პროკურატურა ახერხებს საკუთარი მიზნების განხორციელებას. პროკურორმა დღეს ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაასახელა საქმეში, თუ რითი დასტურდება იულია სუსლიაკის ბრალეული ქმედება, ასევე პროკურორმა ვერ დაასახელა თარიღი, თუ როდის მიმართა მან უკრაინას, ამერიკას, რუსეთს", — აღნიშნა ზურაბ თოდუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი მოსკოვიდან საქართველოში 2019 წლის 8 აპრილს 10 ბავშვით ჩამოვიდა. ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საქართველომ 10-ვე ბავშვი უკრაინას გადასცა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.