დეპუტატი ეკა ბესელია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურის შესასებისას ამბობს, რომ როგორც არ უნდა შეიფუთოს და რომელ დეპარტამენტსაც არ უნდა წარმოადგენდეს, წარმოადგენს სისტემას. ლონდა თოლორაია ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ბესელიას თქმით, ინსპექტორად არჩევის შემთხვევაში მას სისტემის წინააღმდეგაც მოუწევს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და ინტერესთა კონფლიქტია ასეთ გადაწყვეტილებებში. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატის შეფასებით, ძალოვანი უწყებებიდან სასამართლოში გადასვლის ტენდენცია ჩანს:

"სახელმწიფო ინსპექტორის ახალ თანამდებობაზე შემოთავაზებულია კადრი, რომელიც იმ პროკურატურის წარმომადგენელია, რომლის გამოც ჩვენ საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე რეკომენდაცია მივიღეთ 2013 წელს პარლამენტში. დღეს ის წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულზე ინსპექტორმა შეიძლება გამოძიება დაიწყოს. ეს იცით რისი მაჩვენებელია? როდესაც უკან იდგმება ნაბიჯი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით. ასე იქცეოდა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც მოხდა სისტემური დარღვევები. ამ გზაზე დადგა დღეს სამწუხაროდ მმართველი პარტია".

გუშინ, 10 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ თქვა, მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პრემიერ-მინისტრს სულ ორი კანდიდატურა წარუდგინა. ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. ლონდა თოლორაია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია, ხოლო ვალერი ლომუაშვილი სამინისტროს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.