მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული სახელისუფლებო კანდიდატი ლადო კახაძე დავით გარეჯის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ამართლებს. ის ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადებები კონტექსტიდან ამოგლიჯეს და დაპირისპირების მიზეზად აქციეს.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ერთგული მეგობრები გვყავს, მაგრამ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია, ურთიერთპატივისცემის გათვალისწინებით.

"ვიღაცას, რასაკვირველია ასეთი თემა არ აწყობს და აუცილებლად ჩასაფრებული იქნება, სხვანაირად აწევს ტონალობას, სხვადასხვა რაკურსით გაამჟღავნებს, ამოაგდებს რაღაც თემებს და მერე ეს რჩება დაპირისპირების საგნად. დაპირისპირების საგანში ბაქტერიები ძალიან ადვილად მრავლდებიან, პოლიტიკური ბაქტერიები", — განაცხადა კახაძემ გადადემა 360 გრადუსის ეთერში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საზღვარი საბოლოოდ უნდა დადგინდეს. აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდეგ ზურაბიშვილმა ამაზე კიდევ რამდენჯერმე ისაუბრა.

23 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით აზერბაიჯანელ სამხედროებს გზა გაყავდათ. ადგილზე გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია სახელად "გარეჯი საქართველოა", მათ შორის სასულიერო პირების მიერ.

საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეუთანხმებელი მონაკვეთები ადგილზე ექსპერტებთან ერთად დაათვალიერონ. გარდა ამისა, ისინი აპირებენ, რომ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტები და კარტოგრაფიული მასალები შეისწავლონ.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სავარაუდოდ, მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო. მათივე თქმით, ამ განცხადების გამო დავით გარეჯის გარშემო არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის გარეჯში ჩასვლა და მისი განცხადება, ერთი კერძო პირის აქტივობა იყო, რომელიც საკითხის მოგვარებას არ "წაადგა".