სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული სამუშაო ეტაპი დასრულდა და ქართულმა ოცნებამ შესაბამისი კანონპროექტები წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტები სამ მიმართულებას ეხება. ესენია:

  • დისციპლინური სამართალწარმოება;
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისციპლინური წარმოების ნაწილში დეტალურად გაიწერა ახალი რეგულაციები, მათ შორის:

  • დისციპლინური გადაცდომის სახეები;
  • მოწესრიგდა უშუალოდ დისციპლინური წარმოების პროცესი;
  • გაიწერა წარმოების ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც მანამდე კანონით არ იყო უზრუნველყოფილი;
  • გაიწერა მტკიცების სტანდარტი, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში;
  • ინსპექტორთა საბჭოს დაევალა საკითხის პროკურატურისთვის გაგზავნის ვალდებულება;
  • დაკონკრეტდა ბრალის დეფინიცია;

  • გაიწერა არასწორი განმარტების გამო სახდელის შეფარდების დაუშვებლობის პრინციპი;

  • გაიწერა ფორმალური გადაცდომის ცნება;

  • ევროსაბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ხუთი წლიდან სამ წლამდე შემცირდა ხანდაზმულობის ვადა;

  • მოწესრიგდა სახდელები და სახდელების დაკისრების წესი.

კობახიძის თქმით, ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებითაც. მისივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფის წევრების ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ყოფილიყო უზრუნველყოფილი მოსამართლედ სკოლის მსმენელების დანიშვნა.

"შესაბამისი რეგულაციები შევიდა კანონპროექტში კერძოდ, მსმენელების მიღება დაეფუძნება საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგნოზს შესაბამისი წლისთვის, ასევე, განისაზღვრა სტიპენდიის რაოდენობა ახალი წესით მსმენელებისთვის. გახანგრძლივდა სკოლაში სწავლის ვადები", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, განსხვავებული პოზიციები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა მიეღო მსმენელები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. კობახიძემ თქვა, რომ ისინი წავიდნენ კონსენსუსზე და გაითვალისწინეს რეკომენდაცია, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელებს თავად იუსტიციის უმაღლესი სკოლა მიიღებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც, მათ შორის, გვქონდა განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ერთერთი გასაღები კონსენსუსისთვის და შესაბამისად, დღეს მივიღეთ ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის, უმრავლესობის ფორმატში, იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლამ მიიღოს მსმენელები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია იქნა გაზიარებული", —განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართულებითაც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაწესდა მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც მანამდე კანონში გაწერილი არ იყო. მისივე თქმით, ახალი რეგულაციებია საბჭოს სხდომების საჯაროობის საკითხის მიმართულებით. ასევე, დაცულია ინსტანციურობის პრინციპი, გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტის წესები უფრო ფართო წრეზე გავრცელდება.

კობახიძის მტკიცებით ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სასამართლო ჯგუფში შეთანხმება მიღწეულია. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ უარყოფს, რომ დაგეგმილი ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მხოლოდ იმ პირობებში, როცა სასამართლო ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ხელში არაა.

"ჩვენ ორიეტირებული უნდა ვიყოთ სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემის აღმოფხვრასა და მოგვარებაზე. მთავარი პრობლემა ყველასთვის ცნობილია, რომ არის კლანი. მაშინ როცა კლანის ხელში რჩება ძალაუფლება, ყველა ბერკეტი და ამ მხრივ, არ იცვლება არაფერი, რეფორმამ, შეიძლება, მრავალი წლის მერე იმუშავოს, კარგი ადამიანების ხელში, მაგრამ ახლა, როცა ჩინჩალაძის კლანი მართავს მთელ სისტემას, მე არ ვპროგნოზირებ, რომ ეს იქნება შედეგიანი", — უთხრა ნაზი ჯანეზაშვილმა On.ge-ს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

მისი თქმით, ისეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომელიც მიმართული იქნებოდა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებაზე და "უკანონო არაფორმალური კლანისთვის ხელის შეშლისკენ".

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სისტემური ცვლილებებისთვის საჭიროა ხელისუფლებამ აღიაროს, გაათვიცნობიეროს და თვალი გაუსწოროს იმას, რომ სასამართლოს მართავს კლანი.

"ამის მერე დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, როგორ გავათავისუფლოთ სასამართლო სისტემა ჩინჩალაძის კლანჭებისგან. აი, ეს შედეგი დადგება მაშინ, როცა ჩინჩალაძის კლანს აღარ ექნება მთელი ძალაუფლება და მმართველობის ბერკეტები სასამართლოში. კარგი კანონები იმუშავებს მაშინ, როცა ჩინჩალაძის კლანი არ იქნება სისტემაში", — განმარტა ჯანეზაშვილმა.

დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის წევრი, გიორგი მშვენიერაძე სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღას რამდენიმე მიმართულებად გამოყოფს და ამბობს, რომ კონსენსუსი ყველაზე მეტად დისციპლინური სამართალწარმოების ნაწილში შედგა, გამონაკლისი კი ხანდაზმულობის საკითხი იყო. ჯგუფის წევრების ნაწილი ფიქრობდა, რომ ხანდაზმულობა დისციპლინური სამართალწარმოების დროს მაღალი უნდა ყოფილიყო.

"როცა მოსამართლე ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას, პირს 3 წლის განმავლობაში შეუძლია გაასაჩივროს დამოუკიდებელ ინსპექტორთან. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელი აქვს ინსპექტორს, რომ ეს საკითხი შეისწავლოს და დასკვნა დადოს. იყო პოზიცია, რომ გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო ეს ვადა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ, ამ ვადის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს გავლენის ბერკეტი სხვების ხელში", — განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ On.ge-სთან საუბრისას.

მისი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის სკოლის რეფორმა ჩატარდა, შეიცვალა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებისა და ჩარიცხვის წესი.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კოალიცია აკრიტიკებდა, იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა იყო. გიორგი მშვენიერაძის პოზიციით, თავმჯდომარე უნდა აირჩიონ იმ მოსამართლეებმა, რომელ სასამართლოშიც თავმჯდომარის არჩევაზე ვაკანტური ადგილი ჩნდება.

ფოტო: რადიო თავისუფლება

"ამაზე პასუხი იყო უარყოფითი. საბოლოოდ ჩაიწერა, რომ თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს, წინასწარ, მოსამართლეებთან კონსულტაციის საფუძველზე და გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული", — განაცხადა მშვენიერაძემ.

მშვენიერაძის თქმით, ეს არასაკმარისია და თუ ჩანაწერი ასე დარჩება, მინიმუმ კონკურსის ფორმატი უნდა შემოიტანონ.

"უნდა დაწესდეს შეზღუდვა, ერთი და იგივე პირი ორჯერ არ შეიძლება აირჩეს თავმჯდომარედ, ან შეიძლება იყოს ზედიზედ ორჯერ, მაგრამ სამ წლამდე შემცირდეს თავმჯდომარეობის ვადა. ეს იმიტომ, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან და არ მივიღოთ უვადო მოსამართლეებთან ერთად უვადო თავმჯდომარეები", — განაცხადა მშვენიერაძემ. მან დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციის პირობა მიიღო.

"არ ვთვლით, რომ ეს ცვლილებები საკმარისია. დღეს სასამართლო სისტემას ტალღები კი არა ცუნამი სჭირდება. მთავარ გამოწვევად რჩება კლანური მმართველობა სასამართლო ხელისუფლებაში. თუ ისეთი სახით იქნება კანონი, როგორც შეგვპირდნენ, მაშინ გაჩნდება შანსი, რომ გარკვეული პოზიტიური მოლოდინი იყოს სასამართლოში", — განაცხადა მშვენიერაძემ.

სასამართლოს რეფორმის ტალღები

ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებზე მუშაობა დაიწყო და სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. ცვლილებები ეტაპებად იყო დაყოფილი. სწორედ ამ ეტაპებს მოიხსენიებენ ტალღებად.

პირველი ტალღა

პირველი საკანონმდებლო რეფორმა 2013 წლის პირველ მაისს განხორციელდა. რეფორმის შედეგად:

  • შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი: პარლამენტი, დეპუტატების ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პოლიტიკურად ნეიტრალური პირებს ირჩევს. კანდიდატების წარდგენის უფლება მიენიჭათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადვოკატთა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • გაიზარდა სასამართლო სხდომების საჯაროობა: სასამართლოებს სხდომების აუდიო/ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნის შემთხვევაში მხარეებისთვის გადაცემა დაევალა;
  • გაიზრდა მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს, მოსამართლეთა კონფერენციის როლი: კონფერენციის წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელების უფლება მიენიჭათ.

მეორე ტალღა

სასამართლო რეფორმის მეორე ტალღის ფარგლებში, ცვლილებები 2014 წლის პირველ აგვისტოს განხორციელდა.

  • ძალაში შევიდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ზოგადი წესი;
  • შემუშავდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი;
  • განისაზღვრა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების წესი.

მესამე ტალღა

რეფორმის მესამე ტალღაზე მუშაობა ქართულმა ოცნებამ 2016 წელს დაასრულა. ძალაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

  • დაინერგა საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდა 28-მდე;
  • გაუქმდა უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეთა მოადგილეების პოსტები;
  • სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს მოსამართლეები აირჩევენ და მათ აღარ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.