სტივენ სპილბერგი საშინელებათა ჟანრის ახალი სერიალისთვის სცენარს წერს. ნამუშევარი Quibi-ს სტრიმინგ სერვისზე განთავსდება. ახალი სერიალი სმარტფონის მომხმარებლებზე იქნება გათვლილი და მაყურებელს მისი ნახვა მხოლოდ ღამის საათებში შეეძლება.

სტივენ სპილბერგი ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ ძალიან საშიში ამბავი ჰქონდა, რომლის გადაღებაც უნდოდა. ის სცენარს თვითონ წერს, დიდი ხნის განმავლობაში არაფერი დაუწერია, ასე რომ ფანტასტიური ამბავია. მას უკვე დაწერილი აქვს ხუთი თუ ექვსი სერიის სცენარი, რომლებსაც ჩვენ თავებს ვეძახით. სულ 12 თავი იქნება.

ამბობს Quibi-ს დამფუძნებელი ჯეფრი კაზენბერგი.

რეჟისორს სურდა, რომ მაყურებელს მხოლოდ ღამით ჰქონოდა სერიალის ნახვის შესაძლებლობა, ამიტომ სტრიმინგ სერვისის ინჟინრებმა აპლიკაციას სპეციალური საათი დაუმატეს, რომელიც მაყურებლის ტელეფონებში გაჩნდება და დაითვლის დროს, როგორც მზის ჩასვლამდე, ასევე ამოსვლამდე. დღის საათებში კი, მაყურებელს სერიებზე წვდომა შეეზღუდება.

სერიალის სამუშაო ვერსიის სახელია Spielberg’s After Dark და მისი ნახვა, სავარაუდოდ 2020 წლის აპრილიდან იქნება შესაძლებელი.