თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიური ძალადობაა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს. ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს.

ორგანიზაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართა დედამ, რომლის გადმოცემითაც, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები. დედამ მიიჩნია, რომ ეს იყო ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეატყობინა სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი.

"მომხდარის შემდეგ, მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში. აღნიშნულის საფუძველზე, დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა მამის მიმართა შემაკავებელი ორდერები გამოსცა. მამის მხრიდან საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერების გასაჩივრების შემდეგ კი, პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები. თავის მხრივ სააპელაციომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. PHR-ის განცხადებით, მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.