ლაგოდეხში 16 წლის გოგო გაუპატიურების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს. გაუპატიურების შედეგად გოგომ ბავშვი გააჩინა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებული ახალდაბადებული ბავშვის მამაა. შემთხვევა 2018 წლის სექტემბერში მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 10-13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არასრულწლოვანის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია რეგინფომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე ბრალდებას უარყოფდა და გოგოს თავის 14 წლის შვილზე ქორწინებას სთავაზობდა. არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემასთან გოგო ყვებოდა, რომ მას მისი კლასელის მამა იძალადა.

"მისი შვილი ჩემი მეგობარი და თანაკლასელია. მასთან ვიყავი ღამით, დედა სახლში არაა და ჩემთან დარჩიო, მთხოვა. ჩვენ ახლო მეზობლებიც ვართ. ჩემმა მეგობარმა და მისმა პატარა ძმამ ერთ ოთახში დაიძინეს, მე კი მეორე ოთახში. ღამით მამამისი მოვიდა, პირზე ხელი დამაფარა, დამიჭირა და გამაუპატიურა. მერე დამემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი მეთქვა, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს და პატარა ძმას მომიკლავდა", — ყვება არასრულწლოვანი.