ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მთაწმინდის ოლქში გამარჯვება ლადო კახაძეს არჩევნების დასრულებიდან 4 წუთში მიულოცა.

"წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდით თითოეულ გუნდის წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანს", — აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მათთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. კალაძემ თქვა, რომ ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ქართველი ხალხის, მთაწმინდელების, რომ მათ არ გაუჭირდებათ სწორი არჩევნის გაკეთება.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის იმართება. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმების 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა).