შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეჯოში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დღეს, 9 ივნისს დააკავეს.

საქმე ეხება 2015 წლის 9 დეკემბერს საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაწყებულ გამოძიებას. რეგინფოს ცნობით, არასრულწლოვანი გოგო ორჯერ გაიტაცეს და ორივე ჯერზე ერთმა და იმავე პირმა გააუპატიურა. პირველი შემთხვევა 2015 წელს მოხდა, მეორე კი 2019 წლის 4 აპრილს.

იმავე გამოცემის ცნობით, ბოლო შემთხვევისას სახლიდან სკოლისკენ მიმავალი დაზარალებული გოგო, ბრალდებულმა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, სოფლის ცენტრიდან იგი ისევ მოიტაცა და იმავე დღეს, სქესობრივი კავშირი დაამყარა. საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებელმა განაცხადა, რომ გოგო მოიტაცეს და იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. ამ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქ.ბ-ს დაუსწრებლად ჰქონდა ბრალი წარდგენილი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების საქმეზე. შსს-ს ცნობით, მის მიმართ ძებნა 2016 წლის 15 ივნისს გამოცხადდა. უწყების ცნობით, აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში უკვე მიმდინარეობს.