ევროპულმა საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ქართული ოცნების მხარდამჭერი დავით იმნაძეა ასახული. პარტიის წევრის ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, მან მაისური გამოიცვალა და მე-17 უბანზე ისევ ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს. მისივე განცხადებით, ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან ქართული ოცნების ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად.

"მაისურების შეცვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ადამიანებს ვეღარ ვიცნობთ და შესაბამისად, პასუხს არ მოვთხოვთ იმ უკანონო ქმედებების გამო, რომელსაც ამ უბნებში ახორციელებენ. მაგრამ როდესაც ბატონი დავითი აქ დაბრუნდა და თავისი საქმიანობის გაგრძელებას ცდილობს, ეს აბსოლუტურად უკარგავს ფასს ქართული ოცნების ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც გვპირდებოდნენ, რომ აუცილებლად ყურადღებით მოეკიდებოდნენ მე-17 უბანზე მომხდარ ინციდენტს და ამ ფაქტის გამოძიება იქნებოდა დაწყებული", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირმას ინაშვილის ბრიფინგამდე ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ, ბრიფინგზე უჩვენა ვიდეო, რომელიც, მისივე განმარტებით, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს ასახავდა. ამ ვიდეოშიც დავით იმნაძე მონაწილეობს.