მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ ახალი სპიკერის არჩევა და მთავრობის კაბინეტის დამტკიცება, რომელსაც პრეზიდენტი იგორ დოდინი მხარს უჭერს, არაკონსტიტუციურად ცნო.

გარდა ამისა, სასამართლომ დოდინი პრეზიდენტობას დროებით ჩამოაშორა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, დოდინმა დაარღვია კონსტიტუცია, რადგან ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტი არ დაშალა.

მინისტრთა ახალ კაბინეტს 8 ივნისს პარლამენტის საგანაგებო სხდომაზე დაუჭირეს მხარი. მინისტრთა კაბინეტი დოდონის პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ და პროევროპულმა ოპოზიციურმა ალიანსმა, ACUM-მა დააკომპლექტეს. კაბინეტის ხელმძღვანელი გახდა მაია სანდუ ACUM-დან, ხოლო სპიკერი — ზინაიდა გრეჩნაია სოციალისტური პარტიიდან.

უჩვეულო პოლიტიკური გაერთიანების შექმნას პარტიები იმით ხსნიან, რომ სურთ ძალაუფლებას ჩამოაშორონ მმართველი დემოკრატიული პარტია, რომელსაც მოლდოვას ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვლადიმერ პლახოტნიუკი ხელმძღვანელობს. ACUM-ში ამბობენ, რომ პლახოტნიუკმა ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს, რადგან მთავრობის ფორმირებისთვის გამოყოფილი ვადა ამოიწურა. პრეზიდენტის მოვალეობას დოდინის ნაცვლად მოქმედი პრემიერი პაველ ფილიპი შეასრულებს.

დოდინმა და მინისტრებმა საკონსტიტუციო მოსამართლეები პლახოტნიუკთან კავშირში დაადანაშაულეს. პაველ ფილიპმა კი განაცხადა, რომ არ აღიარებს ახალი მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას და მათთვის ძალაუფლების გადაცემას არ აპირებს.