საარჩევნო უბანზე მისულმა ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ირიბად თქვა, ვის მისცა ხმა. მან, ასევე, მოუწოდა ამომრჩეველს, რომ პასუხი გასცენ იმ "ბინძურ კამპანიას", რომელიც ამ კანდიდატის წინააღმდეგ აწარმოვეს.

"მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ბრძოლის ველზე გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა ვიცი იმას, რომ ასეთი ადამიანი იყვნენ გამორჩეული და დაფასებულნი და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში", — განაცხადა მან.

მარგველაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ ასე არ მოხდება, მაშინ პოლიტიკაში "თოჯინები იქნებიან".

"რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავის აზრს, არამედ იმას, რასაც მას უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ", — განაცხადა მან.

ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის ასეთი შეურაცხყოფა ამომრჩევლის შეურაცხყოფასაც ნიშნავს.

"არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, რომელიც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას იმის განცდით, თითქოს ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ", — აღნიშნა მან.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის იმართება. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმების 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა).