თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდა გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით — მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შემოსული.

შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა, შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა.