ზაფხული ყველას გვიყვარს — კარგი ამინდები, გართობა, გრძელი დღეები და ბევრი თავისუფალი დრო, მაგრამ იდეალური სამყაროში არაფერია და ზაფხულსაც თავისი მინუსები აქვს. წელიწადის ამ დროს, დღის განმავლობაში, მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვენი სხეული უფრო მოდუნებული ხდება, რადგან სიცხე ორგანიზმიდან წყლის აორთქლებას იწვევს, იზრდება წნევა და შესაბამისად მცირდება კონცენტრირების უნარი. ჩვენ გვიჭირს საქმეზე ფოკუსირება, არ გვსიამოვნებს დღის საათებში გასეირნება და გარეთ გასვლა, ამის მიზეზი კი, ცხადია, სიცხეა.

პროფესიონალები გვირჩევენ, როგორ დავიცვათ თავი და ჩვენი სხეული გადახურებისგან. ეს რჩევები დაგეხმარებათ ზაფხული ნაკლებად შემაწუხებელი და მაქსიმალურად სასიამოვნო გახადოთ.

1. ტანსაცმელი სწორად უნდა შეარჩიოთ

ფოტო: Shutterstock

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ტანსაცმლის ფერები და ქსოვილი სწორად შეარჩიოთ. რეკომენდებულია, რომ სიცხეში მაქსიმალურად ნათელი და ჭრელი ფერებით შეიმოსოთ, განსაკუთრებით თეთრით, რადგან ასეთი ფერები მზის სხივებს ირეკლავს და თქვენ სხეულს გადახურებისგან იცავს.

კარგი იქნება თუ ბამბის ან თხელი ნაჭრის ტანსაცმელს აირჩევთ გარეთ გასასვლელად, რადგან ისინი გაცილებით უფრო მსუბუქია, სიცხეშიც მარტივად ასატანია და არც სხეულზე მოგეკრობათ.

2. არ ივარჯიშოთ გარეთ დღის საათებში

ფოტო: Shutterstock

ზაფხულში ჩვენი ორგანიზმი ისედაც დიდი ზეწოლის ქვეშაა, დღის საათებში დამატებითი ფიზიკური აქტივობით დატვირთვა კი კიდევ უფრო გაამძაფრებს მის მდგომარეობას. შუადღეს გარეთ ძუნძული, აზიდვებისა და პრესის ვარჯიშების კეთება ზრდის შანსს, რომ ვარჯიში ძალიან უსიამოვნო აქტივობად იქცევა თქვენთვის.

თუ მაინც და მაინც ასეთ დროს გცალიათ სავარჯიშოდ, სჯობს სკვერებიდან და ბაღებიდან სავარჯიშო დარბაზებში გადაინაცვლოთ, სადაც კონდიციონერი იქნება ჩართული და მზის მწველ სხივებს ნაკლებად შეიგრძნობთ.

ისე კი, საღამოს საათებში ვარჯიში, როცა მზის ჩასვლა დაწყებულია და ჰაერის ტემპერატურაც მცირდება, საუკეთესო გამოსავალია.

3. ატარეთ ჯიბის ქოლგა

ფოტო: Shutterstock

თუ დღის განმავლობაში გარეთ მაინც მოგიწევთ გასვლა და დიდი (ან მცირე, რადგან მზის დარტყმის მისაღებად დიდი დრო სულაც არაა საჭირო) მანძილის ფეხით გავლა, მაშინ აუცილებლად უნდა ატაროთ ჯიბის ქოლგა. ეს არის მომცრო ზომის, გასაშლელი და კომფორტულად გადასაადგილებელი ქოლგა, რომელიც არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით.

თუ მაინც და მაინც ქოლგის ტარება არ გსურთ, ქუდი მაინც უნდა დაიხუროთ. ისეთ საათებში, როცა მზე ზენიტშია, დაუცველი თავით გარეთ გასვლა არარეკომენდებულია.

4. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი

ფოტო: Shutterstock

სიცხეში ჩვენ დიდი რაოდენობით წყალს ვსაჭიროებთ, რათა ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელი რაოდენობა შეივსოს. რეკომენდებულია, რომ ადამიანმა 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 2 ლიტრი წყალი დალიოს, თუმცა თუ ფიზიკურად განსაკუთრებულად დატვირთული ხართ, 3 ლიტრამდე მაინც უნდა ახვიდეთ.

როგორც იცით, მაღალ ტემპერატურაზე ადამიანის ორგანიზმიდან წყალი ორთქლდება, რაც სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს, თუკი "მარაგს არ შეავსებთ".

თანაც, ცივი წყალი ორგანიზმს აგრილებს და სიცხე უფრო მარტივი ასატანი ხდება.

5. შეამცირეთ ან საერთოდ გამორიცხეთ ალოკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით დღის საათებში

ფოტო: Shutterstock

ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატია ფეხბურთში, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ დღის განმავლობაში მაინც არ დალიოთ ალკოჰოლი.

სპირტიანი სასმელები კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის ორგანიზმს, ავიწროებს სისხლის მიმოქცევას და ჰაერის ტემპერატურას უფრო მძაფრად აღიქვამთ. სწორედ ამიტომ, სჯობს ბევრი წყალი დალიოთ და ნაკლები ალკოჰოლი.