უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ჩხერიმელა და მდინარე ლეღვნულა ადიდდა. მდინარეების წყალმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი — დიდვაკე და ლეღვანი დააზარალა.

ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი აცხადებს, რომ რამდენი სოფელში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და ხიდბოგირები.

სოფელ ლეღვანის შესასვლელში ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ დააზიანა სოფლის ცენტრალური გზა, რის გამოც სოფელი ლეღვანი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია გარესამყაროს.

ამ დროისთვის სპეცტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ლეღვანში, მარელისში, მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი.

ფოტო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია

მიყენებული ზარალის დათვლაში ჩართულია საგანგებო შტაბის ორი ჯგუფი, რომელთა წარმომადგენლებიც ადგილზე იმყოფებიან სოფლებში. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან და დასახმარებლად მთავრობას მიმართავენ, რადგან ჭიპაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ზარალის სრულად ანაზღაურებას ვერ ეყოფა.