საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაფარული სახით გაცემა. ამ დრომდე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სასამართლოები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პერსონალურ ინფორმაციას ფარავდნენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მედიის განვითარების ფონდისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სასამართლოს აქტების მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.

"განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად", — განმარტა საკონსტიტუციომ.

მანვე ასევე აღნიშნა, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა დაიფაროს პერსონალური მონაცემები, " თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი".

"სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს, რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს.