19 მაისს მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა. პარლამენტის დეპუტატობა ოც კანდიდატს სურდა, მეორე ტურში კი ლადო კახაძე (41,04%) და შალვა შავგულიძე (36,84%) გავიდნენ. მთაწმინდელი ამომრჩეველი ცხრა ივნისს პარლამენტის მაჟორიტარს ქართული ოცნების და ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის კანდიდატებს შორის აირჩევს.

On.ge-მ ორივე კანდიდატთან დაკავშირება სცადა, რათა გაეგო, რატომ უნდა მისცენ მეორე ტურში ვერგასული კანდიდატების მხარდამჭერებმა მათ ხმა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შალვა შავგულიძესთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.

ლადო კახაძე ამბობს, რომ პირველ ტურში გამოთიშული კანდიდატების ამომრჩევლებთან სხვადასხვა თემაზე თანხვედრა აქვს.

ლევან იოსელიანის მხარდამჭერები (6,55%)

კახაძის თქმით, იოსელიანი და მისი მხარდამჭერები რეკრეაციული ზონის, მწვანე თბილისისა და მწვანე საფარის მომხრეები არიან და აქ მათთან მნიშვნელოვანი თანხვედრა აქვს.

"ჩვენ აქ საერთო მიდგომები, საერთო ხედვები გვაქვს. შეხების წერტილები მაგათთან მაქვს", — აღნიშნავს კახაძე.

ჰერმან საბოს მხარდამჭერები (4,76%)

ლადო კახაძე აცხადებს, რომ გირჩისა და მათი მხარდამჭერებისთვის მისი შეხედულებები ცნობილია. კახაძე ამბობს, რომ ის ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან სიმკაცრისა და პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგია.

"მე მტერი ვარ ამის გასაღების, გამსაღებლების. ადამიანის უფლებრივ ნაწილში, რასაკვირველია, იმათ თავისი ლიბერალური მიდგომები აქვთ. ულტრალიბერალურ მიდგომებს მე შეიძლება მთლიანად ვერ ვწვდებოდე ასაკის გამო, მაგრამ თავისუფლების მომხრე ვარ, ადამიანმა თავისუფალ გარემოში უნდა შექმნას, უნდა იღვაწოს, აღქმადი უნდა იყოს", — თქვა კახაძემ.

მისივე განცხადებით, ამ მხრივ ის გარკვეული რეგულაციების მომხრეა, თუმცა, არა მკაცრის.

კობა დავითაშვილის მხარდამჭერები (2,91%)

ქართული ოცნების კანდიდატი ამბობს, რომ დავითაშვილთან ყველაფერი საერთო აქვს. მისივე თქმით, დავითაშვილს დიდი ხანია იცნობს და მას პატივს სცემს.

"კობასგან მიღებული ნებისმიერი რჩევა იქნება თუ შენიშვნა, ძალიან წონადია და ძალიან გამართულია, ანუ არ არის მოკლე ვადაზე გათვლილი, ეს არის პერსპექტივაზე გათვლილი", — თქვა კახაძემ.

სოფიო ხურგუანის მხარდამჭერები (2,64%)

კახაძე ამბობს, რომ ხორგუანის ინიციატივები მოსწონს და ბევრი შეხედულება საერთო აქვთ. შესაბამისად, დიდია შანსი, რომ ხორგუანის მხარდამჭერებმა არჩევანი მასზე შეაჩერონ.

"სოფო კონსტრუქტორია... მე როგორც ვუყურებ, არის კონსტრუქციის, შენების, გამჭვირვალობის გაზრდის მომხრე. ასეთი შეხედულებების ადამიანია და აქ ბევრი თანხვედრა გვაქვს", — ამბობს კახაძე.