საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტი პანკისის გარდა სვანეთსა და ლენტეხშია. ამ საკითხზე საუბარი მინისტრმა ევროპული საქართველოს წევრის, გიგა ბოკერიას კითხვაზე პასუხის დროს დაიწყო.

კითხვაზე, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით რატომ მიიღო სახელმწიფომ მხოლოდ პანკისში საპოლიციო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება, მინისტრმა ასე უპასუხა:

"არ მინდა აქ ვილაპარაკო მძიმე შემთხვევებზე. ზოგადად, ეს არის დამაზიანებელი, ალბათ, საინვესტიციო გარემოსთვის... ჩვენ ახლა იქ ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში. ეს საკითხი აღმოიფხვრა... ნებისმიერი, ვინც ეცდება ამ მშვიდობაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს".

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰესები აშენდება ადგილობრივების კონსენსუსით.

"იქამდე, სანამ ეს [შეთანხმება] არ მოხდება, სადაც გაცემული გაქვთ ნებართვა, თქვენ ნაბიჯს არ გადადგამთ. ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია, ხო?" — განმარტა ბოკერიამ.

ბოკერიას რეპლიკაზე თურნავამ დეპუტატს მიმართა, რომ "ნუ მოუწოდებდა, აქეთკენ ადგილობრივ მოქალაქეებს".

დაპირისპირება პანკისი ხეობაში

21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა მდინარე ალაზანზე მშენებარე ჰესზე ტექნიკის შესვლა გააპროტესტეს, რასაც იქ მობილიზებულ პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, დილას სოფელში პოლიცია ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმები კი დაპირისპირების გამო დაამატეს.

ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში მთავრობისა და ადგილორივების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა პარალელურად პანკისში ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცახდებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.

რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილას მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი მანამ არ აშენდება, სანამ მოსახლეობის 90 პროცენტს არ ექნება ამის სურვილი.

მთავრობის ადმინისტრაციამ დაპირისპირების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჰესების სარგებლიანობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, საჭირო იყო ამ ინფორმაციის ადგილობრივებისთვის მიწოდება.