პლატფორმა „არა ფობიაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის”მიერ წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეო რგოლში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე განცხადებით მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 2016 წლის 22 სექტემბრიდან მედია-კავშირ ობიექტივისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური საარჩევნო რეკლამა, რომელიც ქსენოფობიური შინაარსისაა და მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს და არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს.

პოლიტიკურ რეკლამაში ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის ნეგატიური დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას.

პლატფორმა "არა ფობიას"

ვიდეო რგოლში პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი - დავით თარხან-მოურავი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ ეთერში თურქეთი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპანტად და საქართველოს მტრად მოიხსენია, ამომრჩეველს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სასათბურე პირობები შეუქმნა თურქებს, სწორედ თურქებს უმზადებდა და ახლაც უმზადებს სააკაშვილი ბათუმს გადასაცემად” და ამის წინააღმდეგ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში ამომრჩევლებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობოების აზრით, პოლიტიკურ რეკლამაში ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის ნეგატიური დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი.

"პოლიტიკური გაერთიანება პატრიოტთა ალიანსის წევრები ზოგადად გამოირჩევიან საჯარო სივრცეში გაკეთებული რასისტული და ქსენოფობიური განცხადებებით, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიისას კი განსაკუთრებით იმატა მათ მიერ გავრცელებული თურქოფობიური და რასისტული განცხადებების რაოდენობამ, რაც ასევე ასახულია პარტიის სააგიტაციო მასალაში", - აცხადებენ პლატფორმაში - "არა ფობიას" შემავალი ორგანიზაციები.

ისინი ასევე მოუწოდებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, შეისწავლოს პოლიტიკური გაერთიანება პატრიოტთა ალიანსის მიერ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც წარმოადგენს ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისიწინებულ სამართალდარღვევას და მიმართოს სასამართლოს პოლიტიკური სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების მოთხოვნით.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ლგბტ საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)