თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაბმულ ძაღლს "ალიკაპის" ნაცვლად პირზე თოკი რამდენჯერმე შემოახვიეს და ისე დაიწყეს მისი გაპარსვა. ვიდეოში არ ჩანს, რომ ძაღლი აგრესიული იყო. კაცი კი, რომელიც მას პარსავდა, ცხოველს უხეშად ეპყრობოდა, რაც ვიდეო-ოპერატორის მითითების შემდეგ შეწყვიტა.

"წყნარად, პირდაპირ ეთერში ვართ", — უთხრა მან.

ვიდეოს კომენტარებში ფეისბუქმომხმარებლების პროტესტი მოჰყვა, რასაც თამაზ ელიზბარაშვილიც გამოეხმაურა. იგი წერს, რომ ძაღლების დალაქი მათი თავშესაფრის თანამშრომელი არ არის და მხოლოდ რამდენიმე დღით დაიქირავეს. ელიზბარაშვილის მტკიცებით, კაცს არ გადაუხადეს და ისე გაუშვეს.

"არც ფული გადაუხადე და დავემშვიდობე. შეიძლება მარტო შენიშვნა მიმეცა და დარჩენილი 261 ძაღლიც გაეკრიჭა, მაგრამ თქვენმა ორკესტრირებულმა ლანძღვამ გადამაწყვეტინა მასთან მოლაპარაკების გაწყვეტა. ახლა თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ ფასად მომიძებნით ძაღლების ,,პარიკმახერს,, ან თქვენ მობრძანდებით მოხალისედ. მაგრამ იმდენი თქვენ რა გითხრათ, რაც მომსვლელები არ ხართ. მხოლოდ აქ, კლავიატურასთან ხართ მაგარი ს...ი".

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსშია დაგეგმილი.