"ყველამ იცის, ამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება", — ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის წინ განაცხადა. სასტუმროში ოცი ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეხვედრას მართავენ.

"დღეს მთლიანად ოპოზიცია — ოცი პარტია და სამოქალაქო მოძრაობა შეიკრიბა იმისთვის, რომ შუალედური შედეგები შევაჯამოთ. სამასი ათასამდე ხელმოწერაა შეგროვებული... სახეზეა უპრეცედენტო კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში", — თქვა ვაშაძემ.

მისი განცხადებით, სისტემა, რომელიც ასე ადვილად იძლევა გაყალბების საშუალებას, უფრო სამართლიანი სისტემით უნდა შეიცვალოს. ვაშაძე ამბობს, რომ მათი სურვილია, ე.წ. ქართულ ოცნებას საშუალება მისცენ, კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რომ მთელ საზოგადოებასთან არის დაპირისპირებული და ცივილიზებული პოლიტიკური გზით განახორციელოს მმართველობიდან წასვლის პროცესი.