ყოველდღიურად მილიონობით მოქალაქე, ბიზნესი, ორგანიზაცია თუ სამთავრობო სტრუქტურა არეგისტრირებს დომენს. ხოლო Whois არის ფართოდ გამოყენებადი ბაზა, რომელშიც დომენების მფლობელთა სახელები და მათი საკონტაქტო ინფორმაციაა თავმოყრილი. WHOIS მომსახურება გულისხმობს დომენური სახელების და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გადატანას.

Whois ბაზაში არსებული ინფორმაციის სიზუსტეში გადამწყვეტ როლს რეგისტრატორები თამაშობენ, რადგან ისინი ვალდებულნი არიან დომენის რეგისტრირების პროცესში წარმოადგინონ ზუსტი ინფორმაცია და ცვლილებების შემთხვევაში განაახლონ ბაზა.

ადმინისტრატორი კი უფლებამოსილია თავის ვებ-გვერდზე WHOIS მომსახურების მეშვეობით გამოაქვეყნოს დომენის მფლობელის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია, რომელიც GDRP-ის ფარგლებში მოიცავს შემდეგს:

ფიზიკური პირის შემთხვევაში:

  • რეგისტრატორის სახელი;
  • დომენური სახელის რეგისტრაციისა და ვადის გასვლის თარიღები;
  • სერვერის სახელი;

იურიდიული პირის შეთხვევაში:

  • იურიდიული პირის სახელი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;
  • ადმინისტრაციული და ტექნიკური საკონტაქტო პირის სახელები და მათი საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართები;
  • სერვერის სახელი;
  • რეგისტრატორის სახელი;
  • დომენური სახელის რეგისტრაციისა და ვადის გასვლის თარიღები;

როგორ გავიგოთ დომენის მფლობელის ვინაობა?

იურიდიული პირის შემთხვევაში, დომენის მფლობელის ვინაობა არის საჯარო და შემოწმება შესაძლებელია nic.ge–ს ვებ გვერდზე დომენის საძიებო ველის ან WHOIS სერვისის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: whois.nic.ge.

ფიზიკური პირის შემთხვევაში, დომენური სახელის მფლობელის ვინაობა არის კონფიდენციალური და ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია:

  • რეგისტრატორი კომპანია;
  • რეგისტრაციის თარიღი;
  • გათიშვის თარიღი;
  • სერვერები.

იმ შემთხვევაში თუ რეგისტრატორს ან ადმინისტრატორს მიმართავს მესამე პირი, უფლებამოსილი საკანონმდებლო ორგანო ან WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრი და განაცხადებს დომენის მფლობელის მიერ უფლებების დარღვევის შესაძლო ფატზე, რეგისტრატორი ან ადმინისტრატორი უფლებამოსილი და ვალდებულია გასცეს ეს ინფორმაცია.

Whois ანონიმურობა

დომენის დაფარვის სერვისი გულისხმობს მფლობელის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას 1 წლის ვადით. ამ მომსახურებას ზოგიერთი რეგისტრატორი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.

ასეთ შემთხვევაში Whois-ის ცენტრალურ ბაზაში ჩანს დომენის რეგისტრატორის საკონტაქტო ინფომაცია. თუმცა დომენის დაფარვის სერვისით სარგებლობის შემთხვევაშიც კი ადმინისტრატორს სრულ მონაცემებზე აქვს წვდომა.

რა არის GDPR?

პერსონალური მონაცემების დაცვის რეგულაცია (GDPR) 2018 წლის 25 მაისიდან ამოქმედდა ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანაში. GDPR სახელმწიფოებს პერსონალური ინფორმაციის დაცვის შიდა კანონის შემუშავავებას ავალდებულებს. რეგულაციის ფარგლებში კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვის სტანდარტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 20 მილიონ ევრომდე ჯარიმა ან თავიანთი ყოველწლიური შემოსავლების 4%–ის დაკარგვა ემუქრებათ.

რა ითვლება პირად მონაცემებად GDPR–ის ფარგლებში?

ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გააფართოვა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი. ნებისმიერი სახის ონლაინ იდენტიფიკატორი ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, IP მისამართი, პერსონალურ მონაცემად ითვლება. აგრეთვე, ეკონომიკური, კულტურული ან მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაც დაცულია რეგულაციით. გარდა ამისა, ყველაფერი, რაც პერსონალურ მონაცემად ითვლებოდა ,,მონაცემთა დაცვის აქტის“ ფარგლებში, გათვალისწინებულია GDPR–შიც.

საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფო, ვალდებულია ეტაპობრივად განახორციელოს GDPR-ით განსაზღვრული რეგულაციები. ხოლო გამომდინარე იქედან, რომ .GE დომენური ზონა ღია სივრცეა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, პირადი მონაცემების დაცვის განახლებულ წესები საქართველოშიც ვრცელდება.