გინეკოლოგისა და პაციენტის ურთიერთობა უხერხულობებით სავსეა, ეს ყველამ იცის, თუმცა სინამდვილეში ამისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს. გინეკოლოგთან ვიზიტი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ტრავმატოლოგთან ან ოტორინოლარინგოლოგთან, თუმცა რადაგანაც საქმე სქესობრივ ასპექტებს ეხება, პაციენტების უმრავლესობა მაინც უხერხულად გრძნობს თავს.

ამ დროს ადამიანები ფიქრობენ, რომ პრობლემა ზედმეტად ინტიმური და ამის გამო, რაღაც დეტალები უნდა დამალონ, არ გაუმხილონ ექიმს დეტალები, რის გამოც საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიმხილოთ ის 5 აუცილებელი რამ, რაც ყველა გინეკოლოგს სურს, რომ იცოდეთ, სანამ მათ ეწვევით.

1. გინდათ ჰკითხოთ რაიმე ძალიან ინტიმური, უხერხული და გრცხვენიათ? — ასე არ მოიქცეთ, უბრალოდ ჰკითხეთ

არაფერია სასირცხილო იმაში, რომ გინეკოლოგს ინტიმური კითხვები დაუსვათ საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მათი პროფესია სწორედ ესაა - ყველასგან რომ მალავთ, ისეთი პრობლემების მოგვარება და თქვენი ცხოვრების რიტმში დაბრუნება. მათ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ყველაფერი სმენიათ და აქამდეც უნახავთ. ამიტომ თამამად დაუსვით კითხვები ნებისმიერ საკითხზე, ისინი ისე მოგხედავენ, რომ არაფერს შეიმჩნევენ.

2. გინეკოლოგებს სურთ, იცოდეთ, რომ მათთან თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე, პრობლემებზე და საჭიროებებზე საუბარი, სირცხვილი არ არის

დიახ, ეს ნამდვილად ასეა. მათ, რა თქმა უნდა, არ აინტერესებთ კონკრეტული დეტალები თქვენი სექსუალური ცხოვრებიან, მაგრამ აუცილებელია იცოდნენ თუ რომელი სქესის წარმომადგენლებთან გაქვთ სექსი, ხშირად იცვლით თუ არა პარტნიორებს, იცავთ თუ არა თავს და ა.შ. ასეთი ინფორმაცია დაეხმარება მათ განსაზღვრონ, როგორი მკურნალობის მეთოდი აირჩიონ.

ასევე აუცილებელია, რომ თქვენს გინეკოლოგს არ დაუმალოთ სექსუალური კავშირის დროს არსებულ პრობლემებზე, როგორიცაა ტკივილები, დისკომფორტი და სხვა. თუკი სექსის შემდეგ ხშირად გაწუხებთ სისხლდენა ან რაიმე უჩვეულო შეგემთხვათ, იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი და ამიტომ, ასეთი ინფორმაციის გაზიარება სირცხვილი ნამდვილად არ არის. მეტსაც გეტყვით, აუცილებელიც კია.

გინეკოლოგთან არც ისეთ თემებზე საუბარია უხერხული, როგორიცაა ლიბიდო, ორგაზმი, ლუბრიკაცია ან სხვადასხვა სექსუალური საკითხები. თუ ასეთ თემებზე საუბარი არ გამოგდით ან ვერაფრით გადალახეთ უხერხულობის განცდა, გინეკოლოგის გამოცვლაზე უნდა დაფიქრდეთ.

3. გინეკოლოგებს სურთ, წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოთ, თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ

ადამიანებს ასეთი ჩვევა გვაქვს - ექიმი მაშინ გვახსენდება, როცა საგანგაშო მდგომარეობაში ვვარდებით. არადა, თუ უფრო ხშირად ჩაიტარებთ გამოკვლევებს და პრევენციის მიზნით ექიმის კაბინეტსაც მოინახულებთ, თქვენი ჯანმრთელობა გაცილებით უკეთესი იქნება.

გინეკოლოგთან ჩივილების გარეშე ვიზიტი განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როცა რაიმე ეპიდემიაა გავრცელებული ან უბრალოდ ორსულობის დაგეგმვას აპირებთ. თქვენი გინეკოლოგი მზად არის, მოგცეთ საჭირო რეკომენდაციები და თავიდან აგაცილოთ მოსალოდნელი გართულებები. გეგმიური ვიზიტები კარგი პრევენციაა ისეთი დაავადებებისთვისაც, როგორიცაა საშვილოსნოს და მკერდის კიბო. ხოლო თუ ჯანმრთელი აღმოჩნდით, რა სჯობს ამის მოსმენას?

"იცით, თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ", - წარმოიდგინეთ რამდენად სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა.

4. გინეკოლოგებს სურთ, რომ მათ ენდობოდეთ

ნებისმიერი გინეკოლოგისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პაციენტები ენდობოდნენ. თუ არ გაქვთ თქვენი ექიმის მიმართ ნდობა, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ის და ისეთი გინეკოლოგი იპოვნოთ, ვისთანაც საუბრის არ მოგერიდებათ.

ეს აუცილებელია იმისთვის, რათა მკურნალობა იყოს ეფექტური. გახსოვდეთ, რომ ექიმები სასწაულმოქმედები არ არიან და მათთვის სწორი დიაგნოზის დასასმელად ყველა დეტალის ცოდნაა აუცილებელი. ისინი არასდროს განიხილავენ თქვენ პრობლემებს, პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა იწყება და მთავრდება კაბინეტში. ასე რომ, არ გაქვთ მიზეზი, უნდობლობა გამოიჩინოთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გინეკოლოგის კომპეტენციაში ეჭვი გეპარებათ.

5. გინეკოლოგებს სურთ, რომ თქვენნაირი პრობლემა თუ ოჯახის სხვა წევრსაც აღენიშნება ან აღენიშნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინოთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გინეკოლოგებმა ზუსტად იცოდნენ, ჰქონდა თუ არა თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მსგავსი პრობლემა. გენეტიკური დაავადებების მკურნალობა განსხვავებულად ხდება შეძენილთან შედარებით, ამიტომ ასეთი დეტალის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, თქვენი შვილიც მიიყვანოთ ბავშვთა გინეკოლოგთან და მასაც ჩაუტაროთ გამოკველევები. შესაძლოა, თქვენ პირველი იყოთ აღნიშნული დაავადებით, მაგრამ მომავალ თაობას გადასცემდეთ. შესაბამისად, ეს საკითხი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.