ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ სანდასუფთავების სამსახურის უფროსი, სულიკო ბლადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი განმარტებით, ის არა შესაძლო ფიქტიური დასაქმებულების, არამედ ჟურნალისტებთან არაკორექტული ურთიერთობის გამო გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც TV 25-ის სიუჟეტთან დაკავშირებით გამართა.

"ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების მიმართ", — თქვა მერმა.

მან განმარტა, რომ ის აპირებდა ბლადაძის მიმართ მხოლოდ დისციპლინარული სასჯელი გამოეყენებინა, თუმცა თანამდებობიდან გადადგომა თავად ბლადაძემ შესთავაზა და მერიც დათანხმდა. ქობულეთის მერი ფიქტიურად დასაქმებული ადამიანების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ სიუჟეტი არადამაჯერებელი იყო.

"ფიქტიურ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით დასკვნას და მოსაზრებას არ ვეთანხმები. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი ინფორმაციაა. კითხვით ნიშნები არსებობს, მაგრამ ინტერვიუში მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველი არ არის. მე მაქვს მტკიცებულებები, რომ ნაწილი თანამშრომლებისა არის შვებულებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისათვის, რომ გაჩნდა ეჭვის მაღალი საფუძველი, ჩემს მიერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული დირექტორის გათავისუფლების", — აღნიშნა ქათამაძემ.

25-ე არხის ინფორმაციით, ქობულეთის სანდასუფთავებაში 15-მდე ადამიანი, მათ შორის დირექტორის ნათესავები ფიქტიურად არიან დასაქმებული. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ტელევიზია ამბობს, რომ დასაქმებულებს ხელფასი ერიცხებათ, მაგრამ სამსახურში არ დადიან. სანდასუფთავების დირექტორი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არ უარყოფს იმას, რომ თავისი ნათესავები დაასაქმა.

გარდა ძმისა, დირექტორი ამბობს, რომ საკუთარი ცოლის ძმაც დაასაქმა. თუმცა, მისთვის გაურკვეველია რატომ არის ეს ფაქტი ნეპოტიზმი.

"ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? არა შენ ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, აბა, ვერ გავიგე მე ახლა. დავნიშნე დიახ. მოვედი აქა, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ჩემი ცოლის ძმა და დავნიშნე, რაა ამაში ცუდი", — აცხადებს ის.

მას შემდეგ, რაც სულხან ბლადაძე იგებს, რომ ჟურნალისტებმა მისი ნათესავების დასაქმების საკითხი მასთან ოჯახში გადაამოწმეს, ბრაზდება. ის შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით და დისკრიმინაციულად მოიხსენიებს მასთან დასაქმებულებს და ამტკიცებს, რომ მისი ოჯახის წევრები სამსახურში დადიან.