ევროპული საქართველოს წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდის არჩევნებში გასამარჯვებლად ხელისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს. მისივე მტკიცებით, ზანდუკელის ქუჩაზე ქართულ ოცნებას არარეგისტრირებული შტაბი აქვს:

"ეს ფაქტი ყველამ ვიცოდით, მაგრამ ახლა არის დოკუმენტური დადასტურება. დოკუმენტებში, რომელიც აუდიტის სამსახურიდან მოვიძიეთ, ეს შტაბი არაა დაფიქსირებული. საუბრობენ, ვმეგობრობთ და ძმაკაცები ვიკრიბებითო. ეს კანონითაა განსაზღვრული, რომ ძმაკაცები როცა იკრიბებიან, ქირაობენ "სტაფს" და საარჩევნოდ ქირაობენ, ამას ჰქვია საარჩევნო შტაბი, ეს უნდა იყოს რეგისტრირებული და გატარებული, როგორც შემოწირულობა, რადგან ეს ყველაფერი ღირს ფული, მეგობრის სახლი რომც იყოს, მაშინ ეს არის არამატერიალური შემოწირულობა".

გიგა ბოკერია ასევე აცხადებს, რომ ქართული ოცნება ციხეში მყოფი ადამიანის ბედით სპეკულირებს და ამომრჩევლის დაშინებით არის დაკავებული:

"საზოგადოებამ ჯერ ნახა თოფურიძე, მეტსახელად "კალაბოკა" და მგონი ის, რაც საზოგადოებამ იხილა, საკმარისი იყო იმ ინფორმაციის დასაზუსტებლად, რაც ჩვენ გვქონდა ხელთ, რომ ეს არის იმ სამყაროს წარმომადგენელი, რომლებიც ამ მეთოდებით მოქმედებენ — მოქალაქეების დაშინებითა და ციხეში მყოფი ადამიანის ბედით სპეკულირებით, რაც არის უზნეობა და უკანონობა".

თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ბექა დავითულიანი უარყოფს, ოპოზიციის გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ზანდუკელის ქუჩაზე ოფისი ან შტაბი აქვთ, არამედ, ესაა მეგობრის სახლი, სადაც იკრიბებიან ხოლმე:

"ზანდუკელზე არის საკრებულოს წევრის მეგობრის სახლი, სადაც ჩვეულებრივად იკრიბებიან, როგორც იკრიბებიან ხოლმე სადღაც, როგორც რესტორანში ან კაფეში. მეგობრები არიან, სხდებიან და ლაპარაკობენ".

დავითულიანი უარყოფს იმასაც, რომ, თითქოს, წინასაარჩევნოდ, ოქროყანელებს პატიმრის გამოშვებას ჰპირდებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები:

"გიგა ბოკერიამ თქვა, რომ სამი არჩევნებია, რომელიღაც პატიმრის გამოშვებას ჰპირდება ქართული ოცნება ოქროყანელებსო და არ გამოუშვიაო. სამი არჩევნები თუ ვინმეს ჰპირდებიან, ე.ი. არ ჰპირდებიან და თუ ასეთ ქმედებებში შემჩნეულები არიან, ე.ი. გამოუშვებდნენ ამ ხნის განმავლობაში".

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის 9 ივნისს გაიმართება. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმებსი 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა).