როცა დომენის ფასზე ვფიქრობთ, ხშირ შემთხვევაში 15–20$ ამოგვიტივტივდება–ხოლმე თავში. მაგრამ ზოგჯერ ღირებულება გაცილებით მეტია და ზოგიერთი დომენის ფასი მეორად ბაზარზე ათასობით დოლარს აღწევს. გაგიკვირდებათ და ეს უჩვეულო სულაც აღარაა, მაგრამ არსებობს დომენები, რომელთა ღირებულებაც მილიონობით დოლარია.

ხშირ შემთხვევაში ფასის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, რათა კონკურენცია არ გაიზარდოს და ფასებმა არ მოიმატოს. თუმცა ამ პრაქტიკის მიუხედავად, რთულია საიდუმლოდ შეინახო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დომენის ფასი.

ციფრული სამყაროს არსებობის ისტორიაში, ტეგნას მფლობელობაში არსებული დომენი Cars.com ყველაზე ძვირად გაიყიდა და მისი ფასი 872 მილიონი დოლარია!

კომპანია Cars.com

კომპანია Cars.com 1998 წელს შეიქმნა ჟურნალ–გაზეთების მფლობელთა ჯგუფის მიერ და მიზეზი 90-იან წლებში არსებული ინტერნეტ ბუმი იყო.

შექმნის დღიდან Cars.com–მა ციფრულ სამყაროში შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა და ავტო გაყიდვების მეგასაიტად იქცა. მას საშუალოდ თვეში 31 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანია ჩიკაგოს ერთ–ერთი უდიდესი ციფრული მედია საშუალებაა. რაც შეეხება მის შემოსავალს, 2016 წლისთვის 633 მილიონ დოლარს შეადგენდა, 6%–იანი წლიური ზრდით.

2014 წელს კომპანიის ერთ–ერთმა მფლობელმა საჯარო შეთავაზების გზით აქციების გაყიდვა დააანონსა. მთლიანი კომპანიის ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარად შეფასდა, ხოლო ამ თანხიდან დომენის ღირებულების წილი ორი ძირითადი კრიტერიუმით დაითვალეს:

წარსულში მიღებული შემოსავლები;
მოგებასთან დაკავშირებული სამომავლო მოლოდინები და რისკები;
დაახლოებითი შედეგები საიტზე განთავსებული რეკლამებიდან მიღებული შემოსავლით, ტრენდული საძიებო სიტყვებითა და მათი ძებნადობით დაითვალეს.

Cars.com–მა განაცხადა, რომ დომენმა კომპანიის შემოსავლების 34% შეადგინა 2016 წლის მონაცემებით. 872 მილიონი დოლარი კი 34%–ია კომპანიის მთლიანი ღირებულების – 2.5 მილიარდის.

რატომაა Cars.com ასეთი ძვირადღირებული?

cars.com მოკლე და დასამახსოვრებელი დომენია, რაც ძებნადობის მაღალ მაჩვენებელს განსაზღვრავს. მართლაც, საძიებო სიტყვა ,,cars”–ის ყოველთვიური საშუალო ძებნადობა 4 მილიონია მსოფლიოს მასშტაბით.

თუმცა ამ დომენის ძვირადღირებულობის მიზეზი მხოლოდ SEO პოტენციალი როდია: სახელი cars.com ზუსტად შეესაბამება იმ ინდუსტრიას, რომელშიც ის საქმიანობს – ,,ზუსტი შესაბამისობის’’ მქონე დომენია, ისევე, როგორც computers.com, furniture.com ან ticket.com.

2014 წლამდე ყველაზე ძვირადღირებული დომენი insurance.com იყო 35.6 მილიონი დოლარის ღირებულებით, რაც 20–ჯერ ნაკლებია cars.com–ზე. მეტიც, cars.com–ის ფასი მნიშვნელოვნად აკნინებს 10 ყველაზე ძვირადღირებული დომენის ფასს, ესენია:

1. Insurance.com – $35.6 მილიონი

2. VacationRentals.com – $35 მილიონი

3. PrivateJet.com – $30.18 მილიონი

4. Insure.com – $16 მილიონი

5. Sex.com – $13 მილიონი

6. Hotels.com – $11 მილიონი

7. Fund.com – $9.99995 მილიონი

8. Porn.com – $9.5 მილიონი

9. Shoes.com – $9 მილიონი

10. Porno.com – $8.888888 მილიონი

შედარებისთვის: 10 ყველაზე ძვირადღირებული დომენის ფასი მთლიანად – $178 მილიონი, ხოლო Cars.com – $872 მილიონი.

Cars.com–ის ისტორია გვაჩვენებს, რომ დომენი ელექტრონული მისამართის გარდა მნიშვნელოვანი ბიზნესი პროდუქტია. სწორედ ამიტომ, თუ დომენის დარეგისტრირებას აპირებთ, აუცილებელია, კარგად მოიფიქროთ სახელი, რომელიც თქვენს საქმიანობასთან შესაბამისობაში იქნება და მომხმარებელსაც მარტივად დაამახსოვრდება. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული დომენების რიგებში თქვენი ციფრული მისამართი ამოიკითხოთ.

მოიფიქრეთ და მოძებნეთ თქვენთვის სასურველი დომენი Nic.ge–ზე.