დედაქალაქის მთავრობა მეტროში ელექტროგაყვანილობის მოწესრიგების მიზნით სარემონტო სამუშაოებს იწყებს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება. სარემონტო სამუშაოების გამო მეტრო მუშაობას ერთი საათით ადრე ღამის 11 საათზე დაამთავრებს.

"აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 000 ლარი, რომელიც მოხმარდება ძალოვანი კაბელების გაყვანასა და მათ რეაბილიტაციას. ახალი, ISO სტანდარტის კაბელებით 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი. დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორი. სამუშაოები პირველ ივლისს დაიწყება და 2020 წლის ივლისში დამთავრდება", — განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კომპანიასა და იქ დასაქმებულებს, რომ ნორმალურ პირობებში მიეცეთ მუშაობის საშუალება, მეტრო დილის 6 საათზე გაიხსნება და 12 საათის ნაცვლად 11 საათზე დაიკეტება.