უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მის გუნდში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

"ის კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. ახლა არა. ამაზე ახლა არ ვფიქრობთ, არ ვფიქრობ კანონმდებლობის გამო", — ამის შესახებ მან ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის, პრესმდივანმა, იულია მინდელმაც. მისი თქმით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებით ზელენსკიმ სამართლიანობა აღადგინა, ხოლო ექსტრადიციის საკითხზე სამართალდამცავებმა უნდა იზრუნონ.

"ჩვენ ვგეგმავთ ერთად შევკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები განახორციელონ. ვფიქრობ, არა მხოლოდ პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ მთელი მსოფლიო ყურადღებას ადევნებდა თვალს იმ ძირეული ცვლილებებს რომელიც საქართველომ განიცადა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. საქართველოს გამოცდილება და ცოდნა საინტერესო იქნება უკრაინისთვის. აქ საუბარი არაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ასევე თანამშრომლობაზე ოფიციალურ სტრუქტურებთან", — განუცხადა იულია მინდელმა რუსთავი 2-ს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ოფიციალურ შეხვედრას მინდელი პასუხობს:

"როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალური ვიზიტების დროს სახელმწიფო ლიდერებს ძალიან მჭიდრო განრიგი აქვთ. შესაბამისად ძალიან რთულია ამ განრიგში რაიმე ახალი შეხვედრის ჩასმა. დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რომ სცოდნოდათ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ, ისინი შეხვედრას წინასწარ დაგეგმავდნენ".

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ, ჟან-კლოდ იუნკერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. მამუკა ბახტაძე ბრიუსელში 4 ივნისს ჩავიდა. როგორც ბელგიაში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა, პრემიერი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის მიღებას დაესწრებოდა.

ქრონიკის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათთან საუბარში დაადასტურა, რომ მამუკა ბახტაძეს შეხვდა. ზელენსკის თქმით, მათ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და ტელეფონის ნომრები გაცვალეს.