თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე ის ადგილი დაზიანდა, რომელიც 2 დღის წინ შეაკეთეს. On.ge-სთან საუბარში ადგილობრივები ყვებიან, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ მილი დაზიანდა და წყალმა ჟვანიას მოედანი დატბორა.

მგალობლიშვილზე დაწეულია გზის ის ნაწილიც, რომელიც წინა დატბორვის დროს დაზიანდა და მანქანები ჩაიყოლა. On.ge-ს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერსში განუცხადეს, რომ მონაკვეთი იგივეა, მაგრამ გათხრამდე ვერ გაიგებენ დაზიანდა თუ არა იგივე მილი.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

GWP-ს განცხადებით, დაზიანებული წყალსადენიდან დინების გასაჩერებლად უკვე დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მათი თქმით, ტექნიკურ სამუშაოებს მაშინ დაიწყებენ, როცა ქსელი წყლისგან დაიცლება.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს. დღის განმავლობაში მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწოდებენ.

3 ივნისს მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. წყლის დიდი ნაკადის გამო ჩაინგრა გზის სავალი ნაწილი და ორი მანქანა ჩაიყოლა. შედეგად არავინ დაშავებული, მაგრამ დაიტბორა ახლო მდებარე სარდაფები.