ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩის გამოყოფილი საქმის მიმდინარეობის დროს, მისი პასიურობა განმარტა და თქვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოუწია "არენიდან გაქრობა". ამის შესახებ მან TV პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში ისაუბრა, სადაც მოყვა ისიც, რომ ამ ხნის განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებლებთან, თუმცა პირადად გიორგი გახარიასთან — არა.

"ფაქტობრივად, ყველაფერი დადასტურებული იყო, თუნდაც, მიხეილ კალანდიასთან მიმართებით, უბრალოდ უნდოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს", — თქვა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე, ასევე შვილმოკლულ მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რამდენიმე თვე პარლამენტის წინ კარავში ცხოვრობდა და მისი შვილის მკვლელის დადგენას მოითხოვდა.

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დღეს, 4 ივნისს მას შემდეგ დააკავეს, რაც გუშინ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დადგა. სააპელაციომ განაცხადა, რომ დავით სარალიძე ბრალდებულმა გ.ჯ.-მ დაუდგენელ პირებთან ერთად მოკლა. გუშინვე შსს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას "ყურადღებით წაიკითხავდნენ" და "სწრაფად იმოქმედებდნენ".

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მკვლელობაში კალანდიას თანამონაწილეობის ეჭვს ამყარებდა.

"სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ", — აღნიშნეს შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.