დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში მცხოვრებმა ანონიმურმა პროგრამისტმა სახის ამომცნობი პროგრამა შექმნა, რომლის მიზანიც პორნოში მონაწილე ქალების "გამოჭერა" იყო. მისი თქმით, ახლა პროგრამა და მასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია წაშლილია, თუმცა ეს ალტრუიზმის გამოვლინება არ არის. ასეთი პროექტის შექმნა ევროკავშირში არსებული კანონებით ისჯება.

ჯერჯერობით კვლავ არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მსგავსი სისტემა მართლაც არსებობდა. თუმცა, მსგავსი ტექნოლოგიის არსებობა სავსებით შესაძლებელია და მას სავალალო შედეგების მოტანა შეუძლია.

"ასეთ რამის არსებობა ადამიანების სიკვდილსაც გამოიწვევს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე შევიწროებული კლიენტები სწორედ ისინი არიან, რომლებიც წარსულში პორნო ფილმებში იღებდნენ მონაწილეობას. ზოგჯერ ძალდატანებითა და მოტყუებით. ამ ადამიანებს ხშირად მთელი ცხოვრება ენგრევათ, იმის გამო, რომ ინტერნეტში არიან ადამიანები, ვისთვისაც იმ ქალების გამოაშკარავება, რომლებმაც პორნოში მონაწილეობა მიიღეს, ერთგვარი ჰობია", — აცხადებს ადვოკატი ქერი ა. გოლდბერგი.

პირადი მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგულაციით (GDPR) მსგავსი საქციელი კანონით ისჯება, მაგრამ, პროგრამისტი, რომელმაც ინფორმაცია პროექტის შესახებ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გაავრცელა, თავდაპირველად აცხადებდა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო. თუმცა, მონაცემთა დაცვის ექსპერტი ბორხე სიგერი აცხადებს, რომ თუ ქალები საკუთარი სახის ამოცნობის ნებართვას არ გასცემდნენ, მსგავსი ინფორმაციის შეგროვება უკანონო ქმედება იქნებოდა.

პირადი მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით სხვების პირადი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ კონკრეტული საჭიროებისა და ლეგიტიმური მიზეზების საფუძველზე უნდა მოხდეს, ხოლო იმის გარკვევა, მონაწილეობდა თუ არა ქალი პორნოში, ასეთი მიზეზი არ არის. თუ პროგრამისტი ამ ინფორმაციაზე წვდომას ფასიანს გახდიდა, გერმანიაში არსებული კანონების მიხედვით მას სამწლიანი ციხე დაემუქრებოდა.

რამდენიმე დღის წინ პროგრამისტმა, რომლის სახელიც უცნობია, განაცხადა, რომ ასეთი ტექნოლოგია მართლაც არსებობს, თუმცა მისი თქმით, ის იაზრებს, რომ ეს ტექნოლოგია ლეგალური არ არის. როგორც პროგრამისტი ამბობს, ის მის მიერ შექმნილი პრობლემების გამო დამწუხრებულია.

აღსანიშნავია, რომ ის არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა შეუძლია. მსგავსი საკითხებით სხვა ადამიანებიც არიან დაინტერესებულნი, რომლებმაც, შესაძლოა, ეს ტექნოლოგია ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენონ.