ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, რებეკა ჰარმსი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით მთავრობისა და პარლამენტის პოზიციით ლგბტ აქტივისტის გიორგი თაბაგარის ტვიტის შემდეგ დაინტერესდა.

გიორგი თაბაგარმა ტვიტერზე დაწერა: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მათთვის შეუძლებელია უზრუნველყონ თბილისი პრაიდის მშვიდობიანად გამართვა. შვიდ წელში პირველად მთავრობამ სერიოზულად დაიხია უკან ლგბტქი პირების უფლებების დაცვის მიმართულებით".

თაბაგარის ტვიტი გააზიარა რებეკა ჰარმსმა და დაწერა: "მე არ მჯერა, რომ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ეს პოზიცია აქვთ. მან პასუხისთვის საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა მონიშნა".

დეპუტატმა უპასუხა რებეკა ჰარმსს და ბრალდებები უარყო: "რას გულისხმობთ? შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია. მსგავსი ტიპის კომენტარები აზიანებს ქვეყნის იმიჯს და ვნებს დემოკრატიას".

31 მაისს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შესთავაზა. ამ დახურულ სივრცეში კი საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა. მათი თქმით, უსაფრთხოების ზომებსა და გეგმებზე საუბრის ნაცვლად შსს-ს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დაცვა შეუძლებელი იქნება.

"ეს დამოკიდებულება გვინდა შევაფასოთ, როგორც საბაზისო, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შელახვა. კერძოდ, შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, ვაპირებთ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს", — თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ კვარაცხელიამ.

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება დაბოლოს ღირსების მარში გაიმართება.

გაიგეთ მეტი: