თანამედროვე სამყაროში განათლების აუცილებლობაზე აღარავინ დაობს, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ, ინტერნეტმა და ცხოვრების სტილის ცვლილებამ განაპირობა უამრავი ინოვაციებისა და მიდგომების დანერგვის აუცილებლობა საგანმანათლებლო სისტემებში. რთულია წარმოიდგინო სამეცნიერო განათლების მიღება უნივერსიტეტში კარგი ინფრასტრუქტურის გარეშე, არადა მეცნირების განვითარება პროგრესის აუცილებელი კომპონენტია.

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილიაუნიში მსგავსი პრობლემა აღარ დგას და მომავალ მეცნიერებს სრული შესაძლებლობა აქვთ კვლევითი საქმიანობა შეისწავლონ და დიდი აღმოჩენები გააკეთონ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) ახალი ტექნოლოგიური კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიას უმასპინძლეს.

ღონისძიებას დაესწრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ანტონი ველჩერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU საქართველოს დეკანი ჰალილ გუვენი და სხვა სტუმრები.

"ვფიქრობ, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებს კომპიუტერული და სამოქალაქო ინჟინერია, რათა შეისწავლონ სპეციალობა არაჩვეულებრივ კამპუსში, რომელიც თანამედროვე ლაბორატორებითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. ეს შენობა კავკასიაში ერთადერთია, რომელიც ასეთ შესაძლებლობას ქმნის ამ სფეროში, ამის გამო კი ძალიან მოხარულები ვართ", - ამბობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე.

ფოტო: ილიაუნი

ოთხსართულიანი, 4600 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა ვაკის პარკთან, ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და SDSU საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა.

"ეს ახალი შენობა იქნება ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში ზუსტი მეცნიერებების განვითარებისათვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ის შეუწყობს ხელს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაკეთებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად", - აღნიშნავს ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია.

ფოტო: ილიაუნ

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდა საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები.

ფოტო: ილიაუნი

"მოხარული ვარ, რომ დღეს ვზეიმობთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ახალი საინჟინერო კამპუსის გახსნას. ეს თანამედროვე შენობა მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას მიიღონ მსოფლიო დონის განათლება ზუსტი მეცნიერებების სფეროში და წვლილი შეიტანონ საქართველოს განვითარებაში. ამ კამპუსის აშენება შესაძლებელი გახდა აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიციის მეშვეობითა და ცხადია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით", - ამბობს აშშ-ს ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდიმ.

შენობა დასრულებულია და პირველ სტუდენტებს სექტემბერში უმასპინძლებს. აქ ისწავლიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ფოტო: ილიაუნი

"დღეს საზეიმოდ გავხსენით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა, რომელიც მოემსახურება სან დიეგოს უნივერსიტეტსა და ილიაუნის. აქ განხორციელდება სასწავლო და სამეცნიერო პროცესი, საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებში ბაკალავრიატის პროგრამებისთვის. დღეისათვის საქართველოში სან დიეგოს პროგრამებზე სწავლობს 600-მდე სტუდენტი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით $21 მლნ-ს ინვესტიცია გასწია ამ შენობის აშენებაში, ტექნიკურ აღჭურვასა და სხვა საჭიროებებში, რაც მოემსახურება პროფესიონალი კადრების მომზადებას", - თქვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

პროექტი განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპტაქტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.