მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მართვის მოწმობის აღება სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონშია დაგეგმილი. პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და განხილვები დაიწყება.

კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია "AM", რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება "A2" ქვეკატეგორიაც. ეს ქვეკატეგორია მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

ამავე პროექტით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში ექცევა, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს. მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები. ამასთანავე, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოგიწევთ.

მოქმედი კანონმდებლობით, 18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს ეკრძალებათ შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

"დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული", — ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალი პერიოდის დაწესებასაც, კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის 1 იანვრამდე. ამ დროის განმავლობაში მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის მართვა მართვის მოწმობის გარეშეც დასაშვები იქნება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს).

გარდამავალ პერიოდში, ასევე დასაშვებია AM კატეგორიის ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოში.

გაიგე მეტი: პრაქტიკული გამოცდა ქალაქის გზებზეც ჩატარდება — მართვის მოწმობის გამოცდაში დაგეგმილი ცვლილებები