საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული იყო. ამის შესახებ მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან", — აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საზღვარი საბოლოოდ უნდა დადგინდეს. აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდეგ ზურაბიშვილმა ამაზე კიდევ რამდენჯერმე ისაუბრა.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სავარაუდოდ, მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის განცხადების გამო დავით გარეჯის გარშემო არსებული სიტუაცია დაიძაბა.

რა ხდება დავით გარეჯში

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა. 23 მაისს ადგილობრივმა, გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. ორი დღის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე სამუშაოებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აწარმოებდა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა აზერბაიჯანულ მხარესთან 23-24 მაისს გაიმართა. ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან — აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან შეუთანხმებელი მონაკვეთები ადგილზე ერთად დაათვალიერონ. გარდა ამისა, ისინი აპირებენ, რომ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტები და კარტოგრაფიული მასალები შეისწავლონ.