იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მან შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობაზე მედიით გაიგო. ამის შესახებ მან დღეს, 4 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"არ დაგიმალავთ, რომ მისი ამ ინტერესის შესახებ გამიხარდა კიდეც... შალვა თადუმაძის გენერალური პროკურორობიდან წასვლა, პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება", — ამბობს წულუკიანი. მისივე თქმით, შალვა თადუმაძე პოლიტიკურად ნეიტრალური გენპროკურორია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 144 პირიდან ერთ-ერთია მოქმედი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, რომ თადუმაძის შესვლა უზენაეს სასამართლოში ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას გავლენის მოპოვება სურს.

"განსაკუთრებით საინტერესოა, ბოლოს და ბოლოს გამოაჩენს თუ არა თავის დიპლომს. რვა თვეა ვდაობთ სასამართლოში, რომ დიპლომის ასლი წარმოადგინოს. ამ პროცესიდან ერთ-ერთი დადებითი შეიძლება ეს დავინახოთ", — განუცხადა ეკა გიგაურმა On.ge-ს.

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე კონკურსი 11 მაისს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 2018 წლის ბოლოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატთა სიას უკმაყოფილება მოჰყვა. სიას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც არასამთავრობოები, ისე ზოგიერთი პარლამენტარი და საბჭოს არამოსამართლე წევრები.

ქართული ოცნების კანონპროექტს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე, მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".

ამავე თემაზე: