ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. ამის შესახებ IDFI-ს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკისა და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული მანქანებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას.

IDFI-ს ანალიზის თანახმად, ცხრა გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე.

ორგანიზაციის დასკვნით, ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის მანქანა, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული. მათი ცნობით, გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოდ გადასცეს სხვა სახელმწიფო უწყებებმა.

მათივე ინფორმაციით, 2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა. 2017-2018 წლებში შვიდმა გუბერნატორმა 132,208 ლიტრი საწვავი მოიხმარა.

ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში შვიდმა გუბერნატორმა 750 ათასი კილომეტრი დაფარა. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52,5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს — 54.7 ათას კილომეტრს. 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით — 215 კილომეტრს. ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული მანქანების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19,83 ლიტრამდე მერყეობდა. ანალიზის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია აქ.