დედოფლისყაროს ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდი ამბობს, რომ სკოლაში 82 წლის მასწავლებელი თავის სექსუალურ ლტოლვებზე ესაუბრა. გოგო აცხადებს, რომ მასწავლებლის გარყვნილი საუბარი ჩაიწერა და სკოლის ადმინისტრაციას აჩვენა. ინფორმაციას იმედი ავრცელებს.

ქრონიკაში გასული სიუჟეტის მიხედვით, სკოლის მოსწავლემ საუბრის ჩაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ადმინიტრაციამ ამის შესახებ არ დაუჯერა. იმედის ცნობით, ჩანაწერით ირკვევა, რომ ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეს სკოლის გარეთ ურთიერთობის დაწყებაც მოსთხოვა. მათივე ინფორმაციით, მასწავლებელმა გოგო სკოლის ეზოში დაიბარა და უთხრა, რომ მის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. მათი ცნობით, უკვე გამოკითხეს არასრულწლოვანი გოგო და სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოიღეს გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება.