ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ სააპელაციო საასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგა და ის ბრძოლას აგრზელებს.

"ბრძოლა გრძელდება, არავინ იფიქროს, რომ მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს", — განაცხადა სარალიძემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამ გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ. მსჯავრდებული იყო დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ. მას სასჯელი დაუმძიმდა და პატიმრობად 11 წელი და სამი თვე განესაზღვრა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გ.ბ.-ს გამოუტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა და დავით სარალიძის მკვლელი უცნობი დარჩა.

თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალად სდებდა ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.