დონალდ ტრამპი მომავალ კვირას გაერთიანებულ სამეფოს, ირლანდიასა და საფრანგეთს ეწვევა. ბრიტანულ გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბრექსიტზე, ტერეზა მეის პოლიტიკურ გზასა და მეგან მარკლის მიერ მისი შეხედულებების კრიტიკაზე ისაუბრა.

2016 წელს, არჩევნების წინ მეგან მარკლმა ტრამპს ქალთმოძულე უწოდა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში კანადაში გადავიდოდა საცხოვრებლად.

როცა ჟურნალისტმა პრეზიდენტს ეს კომენტარები გაახსენა, ტრამპმა თქვა: "არ ვიცოდი, თუ საზიზღარი იყო. იმედი მაქვს, ახლა ნორმალურად არის". მოგვიანებით კი დაამატა, რომ "მისი აზრით, მეგან მარკლი სამეფო ვალდებულებებს არაჩვეულებრივად გაუძღვება".

დონალდ ტრამპი პრინც ჰარის, უილიამსა და ქეით მიდლტონს შეხვდება. მეგან მარკლი დეკრეტული შვებულების გამო შეხვედრას არ დაესწრება. პრინც ჩარლზთან კი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი კლიმატურ ცვლილებებზე ლაპარაკს ვერ ასცდება:

"ვიცი, რომ კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბრებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ჰაერი გვაქვს. ჩვენს წყალსა და ჰაერს არაფერი სჭირს", - თქვა ტრამპმა.