სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელწმიფოს მიერ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია. ომბუდსმენის თქმით, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

"სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე — ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე — ძალიან სუსტია. ჩვენ ძალადობად არ მივიჩნევთ ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის მთელ სპექტრს, სანამ ძალადობა წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და თვალსაჩინოდ დამაზიანებელი არ გახდება", — აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, ბავშვათ მომუშავე სცპეციალისტები მცირე რაოდენობაა და ამ პროფესიის ადამიანების ნაწილი არ ფლობს სათანადო უნარებს, დროულად აღმოაჩინოს და გამოავლინოს ძალადობა.

"სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნელად და გასაძლიერებლად. კვლავ მაღალია სიღარიბის მიზეზით ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის მაჩვენებელი. არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სამსახურის შექმნა კვლავ მომავლის საქმეა", — აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო მეტ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვის ინტერესების დაცვის გაძლიერებისთვის მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.