ფინანთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ანაკლიის კონსირციუმთან მოლაპარაკებებზე რვა პუნქტიდან შვიდზე თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად არ იყვნენ ვალდებული" ამ პირობებს დათანხმდებოდნენ.

"ესეც არ იყო სხვათა შორის აუცილებელი, რადგან არ იყო ჩვენი ვალდებულება. შეგახსენებთ პირველად ხელშეკრულებაში გაწერილ ვალდებულებებს: ეს არის 300 მილიონამდე ინფრასტრუქტურული პროექტები, 60-70 მილიონამდე მიწის გამოსყიდვაში დახმარება, 100 მილიონი დოლარის ფინანსური შენატანი. ამ ყველაფერზე ჩვენ პირველი დღიდან ვიყავით პასუხისმგებელნი და დღესაც ვართ", — აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ერთადერთ პრობლემად კომერციული რისკები რჩება, რომელზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს არ ეკისრება.

"ისიც თუ ჩვენ ავიღეთ, მაშინ საერთოდ რა შუაშია კონსორციუმი, რა შუაშია კერძო კაპიტალი? ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი ყოფილა, მაშინ თვისობრივად იცვლება ყველაფერი და დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. შესაბამისად, ვერავინ ვერც იმ მოლაპარაკებებზე დამსწრე და ვერც ის, ვინც ამ მოლაპარაკებების მიღმა იმყოფებოდა, ვერ იტყვის, რომ მთავრობამ რამე დააკლო პროექტს", — განაცხადა მაჭავარიანმა

მანვე ისაუბრა საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ არც ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები.

"თქვენ რომ საერთაშორისო დონორი იყოთ და ნახოთ, რომ სახელმწიფო ხარჯავს ინფრასტრუქტურისთვის 300 მილიონს ერთ შემთხვევაში, იძლევა 100 მილიონს, 70 მილიონს, პროექტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით რამდენჯერმე არის შემცირებული და ამაზე წამოვიდა... ის, რომ რაღაც ნებართვის წინა ნებართვა გაიცა, რომელიც 24 საათში გაუქმდა, ეს არის მთელი დისკომფორტის წყარო? თუ ამ საქმის გაკეთება ვინმეს უნდა, არანაირი მიზეზი აქ არ არის. ახლა მთავარია, ვისაც რა ევალება, ის გააკეთოს", — განაცხადა მან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განაცხადეს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მედიიდან გაიგეს. მათი თქმით, ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ 2 მაისს ეიპიემ ტერმინალსის შვილობილი კომპანიის, სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სასარგებლოდ გასცა. მათივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ფაქტის "დამალვასთან" დაკავშირებით მწვავე შეფასებები გამოთქვეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რეაქციები არაადეკვატური იყო. მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა და "რეაქცია აშკარად გადაჭარბებულია".

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი 30 მაისს გაუქმდა.