გაზეთ კვირის პალიტრასთან მიცემულ ინტერვიუში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით მას თავისი კონკრეტული კითხები აქვს, თუმცა აპირებს, რომ გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააკეთა მან აღნიშნულ საქმეზე კომენტარი, მღებრიშვილმა უპასუხა, რომ გამოძიების პროცესში რაიმე შეფასება არასწორად მიაჩნია:

"ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანო არის მთავარი პროკურატურა, სწორედ ის უძღვება გამოძიებას და გამოძიების პროცესში კონკრეტული შეფასების გახმოვანება არასწორი იქნება. თუმცა, არ დაგიმალავთ, მაქვს ჩემი კონკრეტული კითხვები დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით".

კითხვაზე, გამოძიების ეფექტურობას ეხებოდა ეს კითხვები თუ სამტრედიის პოლიციაში არსებულ ხარვეზებს, შს მინისტრმა უპასუხა, რომ გამოძიების დასრულებას დაელოდება:

"დაველოდები გამოძიების დასრულებას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას კონკრეტულ შიდაუწყებრივ დონეზე".

აგვისტოს დასაწყისში სამტრედიაში 22 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში მან სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. გოდერძი თევზაძე პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.