გგონიათ, რომ რაღაცების დაზღვევა მხოლოდ დიდებს სჭირდებათ?! მაშინ, ძალიან შემცდარხართ, რადგან ბავშვებისთვისაც არსებობს უამრავი მნიშვნელოვანი რამ, რასაც მთელი გულით უფრთხილდებიან.

ამ რაღაცების დაზიანების, ან დაკარგვის შემთხვევაში ხომ დიდი სიამოვნებით აინაზღაურებდნენ ზარალს — თქვენ თუ მანქანა გაგიფუჭდათ, ბავშვები სათამაშოებს კარგავენ, ბარათზე არსებულ დიდი რაოდენობით თანხას რომ აზღვევთ კი სულ ტყუილად გგონიათ, რომ ყულაბაში ხელწამოსაკრავი თანხა გროვდება.

აი, ის 10 დაზღვევა, რომელიც ყველა ბავშვს გამოადგებოდა, მათ შორის, ჩვენც, როცა პატარები ვიყავით:

1. მუხლების დაზღვევა

ფოტო: Kidspot

ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს დაზიანებულ მუხლებს აუცილებლად სჭირდებათ დაზღვევა — დაფიქრდით, კომპენსაციის სახით აღებული 2 ლარის მოლოდინში ხომ ამდენს აღარ ვიტირებდით?

2. ნაყინის დაზღვევა

ფოტო: Justas Galaburda

ნაყინი ყველა ბავშვს უყვარს და შესაბამისად შემთხვევით თუ დაუვარდათ, მტრისას. აი, ნაყინის დაზღვევა რომ არსებობდეს კი ყველაფერი გაცილებით მარტივად გადაწყდებოდა.

3. კბილების დაზღვევა

ფოტო: Dream Dictionary

6-7 წლის ასაკში ბავშვები უამრავ კბილს იცვლიან, კბილების ფერია კი დაიღალა ამდენი ფულის რიგებით. ჰოდა, ცოტათი თუ შევუმსუბუქებთ საქმეს და პატარების ნაწილს კბილების დაზღვევაში ჩავრთავთ, ძალიან კარგი იქნება.

4. გოჭი ყულაბის დაზღვევა

ფოტო: Pat Pascual

პირდაპირ უნდა ითქვას - გოჭის ყულაბაში ფულის შეგროვება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ბავშვები ამ დროს თავს ბიზნესმენებად გრძნობენ და ფინანსური სტაბილურობის განცდაც აქვთ, რომ საყვარელი მეგობარი ერთ კვირაში ნაყინზე დაპატიჟონ, მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად ცარიელდება ხოლმე გოჭის ყულაბა, ეჭვმიტანილი კი ყოველთვის მშობლები არიან, რომლებიც უკან არასდროს აბრუნებენ აღებულ თანხას. ამიტომ, ბავშვებს გოჭის ყულაბის დაზღვევა ნამდვილად სჭირდებათ.

5. ზედმეტი "პასტების" დაზღვევა

ფოტო: Ahmet Iltas

"ზედმეტი პასტა ხომ არ გაქვს?" - ეს ფრაზა დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მართალია, სტატისტიკური მონაცემები არ გვაქვს, ბავშვებმა რამდენი ასეთი "ზედმეტი პასტა" გაათხოვეს (უკან დაუბრუნებლად), თუმცა სავარაუდოდ, ზარალი იმხელაა, რომ ნამდვილად ღირს ამ პასტების დაზღვევაზე ფიქრი.

6. ქაღალდის წერილების დაზღვევა

ფოტო: Hands-On Fundraising

მართალია, დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და თითქმის ყველა ბავშვს საკუთარი ტელეფონი აქვს, თუმცა, ქაღალდის წერილების ერთმანეთისთვის სროლას ხომ სულ სხვა მუღამი აქვს?

შესაბამისად, ქაღალდის წერილები არსად წასულა და ზოგიერთი მათგანი იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, რომ აუცილებლად სჭირდება დაზღვევაც.

დაფიქრდით, წერილში, რომელშიც წერია, რომ ლუკას ანა მოსწონს, არ სჭირდება დაზღვევა?!

7. შტაბის დაზღვევა

ფოტო: Dallas Yoga Magazine

შეიძლება უკვე დიდი ხართ და აღარც კი გახსოვთ, როგორი რთულია კარგი შტაბის გაკეთება. მითუმეტეს, როცა ქუჩაში აღმოჩენილი მასალებით ცდილობ მეგობრებთან ერთად საიმედო თავშესაფარი აიშენო, ამ დროს კი ხან ქარი დაგინგრევს ნაჯაფს და ხან ცუდად მიჭედილი ჭერი ჩამოინგრევა.

8. სათამაშოების დაზღვევა

ფოტო: VAGO

ყველა ბავშვს უხარია სათამაშო, მაგრამ ზოგჯერ დაუდევრობით საყვარელ სუპერგმირებს ან თოჯინებს ხან ხელს მოტეხავენ, ხან ფეხს, ხან კი შუაზე გადატეხენ ხოლმე. სწორედ ამიტომ, სათამაშოების დაზღვევა ყველა ბავშვს სჭირდება.

9. სასკოლო წიგნების დაზღვევა

ფოტო: Elena Choo

აი, სასკოლო წიგნების დაზღვევა რომ არსებობდეს, რომელიმე ამოცანის ვერ გაგების შემთხვევაში ხომ თავისუფლად მოიფრიალებდნენ გაბრაზებული ბავშვები წიგნებს?!

10. პირველი ველოსიპედის დაზღვევა

ფოტო: Russ Hays

ნებისმიერი ბავშვი დაგვეთანხმება, რომ პირველი ველოსიპედის დაზღვევაც საჭიროა. ხან ღობეს გამოედები, ზოგჯერ ეკალზე გადაივლი და საბურავი გაგისკდება, მუხრუჭებიც ხშირად ფუჭდება ხოლმე - ასე მარტივადაც არ არის ყველაფერი.