ინგლისის მთავარი სამედიცინო სპეციალისტის, სელი დეივისის თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროტესტი კაცობრიობის წინაშე არსებულ მეორე უდიდეს საფრთხეზეც უნდა გავრცელდეს. იგი აცხადებს, რომ ჭარბი მოხმარებისა და რეგულირების ნაკლებობის შედეგად ანტიბიოტიკების ეფექტიანობის დაკარგვისაგან ხალხის დასაცავად Extinction Rebellion-ის ტიპის კამპანიაა საჭირო. ეს უკანასკნელი - ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ - საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების შეჩერებაა.

დეივისის თქმით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ისევე სახიფათოა, როგორც კლიმატის ცვლილება, ამიტომ პოლიტიკოსთა და საზოგადოების მხრიდან იმდენსავე ყურადღებას მოითხოვს, რამდენსაც ეს უკანასკნელი.

"კარგი იქნებოდა, აქტივისტები ამ პრობლემის მნიშვნელობას რომ აცნობიერებდნენ", - განაცხადა დეივისმა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობასთან დაკავშირებით, - "ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა ხალხში შიშს არ იწვევს. არადა, მოსალოდნელი საფრთხე ექსტრემალური ამინდის ეკვივალენტურია".

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემის დასაძლევად, დეივისის თქმით, ძალისხმევის საერთაშორისო დონეზე მობილიზებაა საჭირო.

ფოტო: Alamy

გავრცელებული დაავადებების ანტიბიოტიკებით მკურნალობა ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება. ამ პრობლემასთან საბრძოლველად, დეივისის თქმით, ძალისხმევის საერთაშორისო დონეზე მობილიზებაა საჭირო. სწორედ ასე მოიქცა 1988 წელს გლობალური დათბობის დასაძლევად გაერთიანებული მეცნიერთა ჯგუფი და კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი (IPPC) დააარსა.

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა პანელმა გასულ წელს მსოფლიო გააფრთხილა, რომ სითბური აირების გამოყოფის ზრდის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ თუ არ ვიმოქმედებდით, გლობალური დათბობა 12 წლის თავზე კატასტროფამდე მიგვიყვანდა. დეივისის თქმით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შედეგები არანაკლებ საფრთხეს შეიცავს და იმავე ვადებშია მოქცეული, თუმცა, ამ პრობლემის დაძლევას ძალიან მცირე ძალისხმევა ეთმობა. "ფარმაცევტული კომპანიები ახალი პრეპარატების შემუშავებაში ფინანსურ ინტერესს ვერ ხედავენ", - განაცხადა მან, - "ეს სისტემური მარცხია, ამიტომ კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის მსგავსი რამ გვჭირდება".

გლობალურად, ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ცხოველებზე მოდის.

დეივისმა ჩამოთვალა ის პრობლემები, რომელთა დაგროვებასაც მსოფლიომ ხელი არ შეუშალა. პრობლემათა სია ანტიბიოტიკების ჭარბი მოხმარებითა და ექიმების მიერ ძლიერმოქმედი პრეპარატების შეუზღუდავად გამოწერით იწყება და ცხოველებისთვის მეტისმეტად დიდი რაოდენობის პრეპარატების, მათ შორის ზრდის ხელშემწყობი მედიკამენტების, მიცემით მთავრდება. ასეთი ქმედებები ევროპასა და აშშ-ში უკვე იკრძალება, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში კვლავ ფართოდაა გავრცელებული. თუმცა, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანესი, ძლიერი ანტიბიოტიკების ცხოველებზე გამოყენება მაინც ნებადართულია; არადა, მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები ამ ქმედების გონივრულობას ეჭვის ქვეშ აყენებს.

დეივისის თქმით, ის თავდაპირველად ცხოველებზე ნებისმიერი ტიპის ანტიბიოტიკის გამოყენებას არაეთიკურად მიიჩნევდა, რადგან ეს პრაქტიკა ბაქტერიული რეზისტენტობის გაზრდას იწვევს. თუმცა, მას მერე მან აზრი შეიცვალა: "ახლა ნამდვილად ვფიქრობ, რომ ანტიბიოტიკების ავადმყოფ ცხოველებზე გამოყენება დასაშვებია, ამაში დამარწმუნეს". თუმცა დეივისს მაინც აფიქრებს სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენების ფაქტი და მიიჩნევს, რომ ეს რეზისტენტობის მზარდი პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორია. გლობალურად, ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ცხოველებზე მოდის.

დეივისის განცხადებით, თევზის მოშენება ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან აღნიშნულ ინდუსტრიაში ანტიბიოტიკების გამოყენების ფაქტები მეტწილად უგულებელყოფილია. მსგავსი საფრთხისაგან მეურნეობის მხოლოდ რამდენიმე სფერო თუა თავისუფალი. მაგალითად, ამერიკაში ციტრუსის ანტიბიოტიკებით შეწამლვაა ნებადართული, რასაც დეივისი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს.

ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების დაცარიელებული ბოთლებით სავსე ნაგვის ყუთი გერმანიის ერთ-ერთ ღორების გამასუქებელ ფერმაში, 2018 წელი.

ფოტო: Alamy

დეივისს თანამდებობის დატოვება ამ წლის ბოლოს უწევს, ასე რომ, ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკას შორის ახალი სავაჭრო ხელშეკრულებების მოწერისას ის სამთავრობო სექტორში აღარ იქნება. თუმცა ის ხაზგასმით აცხადებს, რომ კვლავ აიმაღლებს ხმას ისეთი გარიგებების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრიტანეთში ანტიბიოტიკების მოხმარებაზე დაწესებული შეზღუდვების შემასუსტებლად მიიჩნევს - აშშ-ს ანტიბიოტიკების ცხოველებსა და მცენარეებზე გამოყენებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან განსხვავებული წესები აქვს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანტიმიკრობული რეზისტენტობის სააგენტოთაშორისო ჯგუფი (IACG) 22 აპრილს გამოქვეყნებულ მოხსენებაში მეურნეობასა და მედიცინაში ანტიბიოტიკების ჭარბად გამოყენების პრევენციისათვის მსოფლიოში უფრო მკაცრი წესების შემოღებას უწევს რეკომენდაციას.

IACG-ის დირექტორმა, ჰაილეისუს გეთაჰუნმა, ანტიმიკრობულ რეზისტენტობას "ჩუმი ცუნამი" უწოდა. მან აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუკი საფრთხის შესახებ ხალხის სათანადო ინფორმირება მოხერხდება. "ჩვენ ხალხს გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ", - ამბობს გეთაჰუნი, - "ამ პრობლემის ეფექტებს, მართალია, ჯერ ვერ ვხედვათ, მაგრამ ის, რაც გველის, კატასტროფის ტოლფასი იქნება".

მოხსენებაში წამოყენებულია მოთხოვნა, რომ მეურნეობაში მედიკამენტების ცხოველთა გასასუქებლად გამოყენება გლობალურად უნდა აიკრძალოს და ყველაზე ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკები მხოლოდ ადამიანებისთვის უნდა გამოიყენებოდეს. გარდა ამისა, ავტორები ფარმაცევტული კომპანიებისაგან "საზოგადოების კეთილდღეობის ეკონომიკურ სარგებელზე მაღლა დაყენებას" მოითხოვენ.

სამწუხაროდ, დღეისათვის ახალი მედიკამენტების შექმნა, საზოგადო ინტერესის არსებობის მიუხედავად, ფარმაცევტულ კომპანიებს შემოსავალს არ უზრდის, რაც სამედიცინო ბაზრის სისტემური მარცხის მაჩვენებელია.

სანიტარული პირობების მეთვალყურეობა კიდევ ერთი კრიტიკული საკითხია. სუფთა წყლისა და ჰიგიენური პირობების ნაკლებობას მსოფლიოს მოსახლეობის 2 მილიარდი ადამიანი განიცდის. ეს გარემოება ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გამომუშავებას, რაც მსოფლიოს გარშემო, მათ შორის მდიდარ ქვეყნებშიც, სწრაფი ტემპებით ვრცელდება.

მოხსენებაში დადგინდა, რომ დაუყოვნებლივი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, 2030 წლისათვის 24 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება, 2050 წლისათვის კი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ათი მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

ამავე თემაზე:

ფაგები - ბაქტერიებზე მონადირეები, რომლებმაც შეიძლება ანტიბიოტიკები ჩაანაცვლონ