უკრაინაში ინტერპოლით ძებნილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი სამუშაო დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურა სამუშიას ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიმართავს.

უწყების განცხადებით, სამუშიას ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულნი არიან დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2012 წლის 28 ივლისს, შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა, გიორგი სამუშიამ სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავასა და რომან შამათავას დავალებით ზუგდიდში ელბერდ კობერიძეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. კობერიძე ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

უწყების განცხადებით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ აწამეს და სცემეს ელბერდ კობერიძე, რათა მას ტერორისტული აქტის მომზადება ეღიარებინა.

"ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამ საქმეზე გიორგი სამუშიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2015 წლის 11 დეკემბერს და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა, თუმცა საპატიმრო 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე სამუშიას სასამართლომ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება, შეუფარდა გირაო და ჩამოართვეს პასპორტი.

"სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა დაკარგა პასპორტი, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტის დამზადება, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, რის გამოც მის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. სამუშიასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამების საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმე წარმართულია სასამართლოში და მიმდინარეობს არსებითი განხილვა", — აღნიშნა პროკურატურამ.