რუსეთში მომღერალ ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმიდან Rocketman რამდენიმე სცენა ამოჭრეს.

ამოჭრილ სცენებს შორის მოხვდა გეი სექსის სცენაც. ინფორმაციას ამის შესახებ tv rain-ის ჟურნალისტები ავრცელებენ. გარდა ამისა, ინფორმაცია დაადასტურა კინოკრიტიკოსმა ეგორ მოსკვიტინმა, რომელმაც კანში ფილმის ორიგინალი ნახა.

ფილმის ნახვა ქართულ კინოთეატრებში პირველი ივნისიდან შეგიძლიათ. თუმცა, საქართველოს კინოთეატრებში ჯერ არ იციან, თბილისში ფილმის ცენზურიანი ვერსია გავა თუ უცენზურო. გადაწყვეტილებას, თუ ფილმის რომელი ვერსია უნდა გავიდეს საქართველოს კინოთეატრებში, იღებს კომპანია Paramaunt Pictures.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნების სტუდიებთან და დისტრიბუტორებთან, ვინც ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე ფილმების დისტრიბუციის უფლებას. ეს კომპანიები არიან აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან" — განუცხადეს On.ge-ს კინოთეატრ კავეას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საკითხის გარკვევა Paramaunt Pictures-თან კვლავ მიმდინარეობს. ფილმის ჩვენებამდე ერთი დღეა დარჩენილი.