პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატით მისული პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას ხმაური მოყვა. ოპოზიციის კრიტიკა თიბისი ბანკის საქმის განხილვამ გამოიწვია.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები თიბისისთან მიმართებაში ლეგიტიმური იყო. მანვე აღნიშნა, რომ თიბისის მენეჯმენტი ეროვნულ ბანკთან შეთახნმდა, მათ შორის იმ სანქციებზე, რაც მათ დაეკისრათ.

ეს განცხადება გააკრიტიკა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ. რასაც მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან გადაძახებები და ხმაური მოყვა.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის. ეს შეთანხმება გაზიარებულია მისი ყველა ინსტიტუციური ინვესტორის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ეს არის მოცემულობა, ამას ეთანხმებით?" — ჰკითხა პრემიერმა ოპოზიციას.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ამ მოსაზრებას ეთანხმებიან, მაშინ უნდა დაეთანხმონ ყველაფერს, რაც "ამ ქეისს მოყვება".

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მას კითხვაზე პასუხი არ მიუღია. ბახტაძემ კი თქვა, რომ კითხვა პოლიტიკური სპეკულაცია იყო, მაგრამ მას უკვე უპასუხა.