ახალი კვლევით ირკვევა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული სოკო, რომელსაც ობობის ტოქსინის წარმოქმნა შეუძლია, მალარიის გამავრცელებელ სოკოებს განსაკუთრებით სწრაფად ანადგურებს. ექსპერიმენტის დროს, რომელიც ბურკინა-ფასოში ჩატარდა, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე კოღოების 99% სულ რაღაც 45 დღეში განადგურდა.

ყოველწლიურად მალარიის 219 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 400 000 ადამიანი კი იღუპება. მკვლევარების თქმით, მათი მიზანი არა კოღოების სრული განადგურება, არამედ მალარიის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვაა.

მერილენდის უნივერსიტეტისა და IRSS-ს კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა კვლევის პირველ ეტაპზე ამოიცნეს სოკო, რომელიც მალარიის გამავრცელებელ კოღოებს ბუნებრივად აინფიცირებდა. შემდეგი ეტაპი კი სოკოს ეფექტურობის გაზრდა იყო.

"ეს სოკო განსაკუთრებით მოქნილი გამოდგა და მათი გენმოდიფიცირება ადვილი იყო", — აცხადებს მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი რეიმონდ სტ. ლეჯერი.

კვლევის ავტორებმა სოკოს გენომში ობობის ტოქსინის მწარმოებელი გენი ჩააშენეს, რის შედეგადაც ორგანიზმმა ობობის შხამის სინთეზირება დაიწყო.

ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ გენმოდიფიცირებული სოკო კოღოებს უფრო სწრაფად და ეფექტურად კლავდა. შემდეგი ეტაპი კი მიღებული ორგანიზმის ბუნებრივ პირობებში გამოცდა იყო.

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში ბურკინა-ფასოში 600 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ცრუ სოფელი შექმნეს, თავისი მცენარეებით, საცხოვრებელი სახლებით, წყაროებითა და კოღოების საკვებით. სოფელი კი ორმაგი ბადით შემოსაზღვრეს.

გენმოდიფიცირებული სოკოს შემოწმება სპეციალურ "კოღოსფეროში" მიმდინარეობდა.

გენმოდიფიცირებული სოკოს შემოწმება სპეციალურ "კოღოსფეროში" მიმდინარეობდა.

ფოტო: Etienne Bilgo

სეზამის ზეთი, რომელშიც სოკოს სპორები იყო შერეული ბამბის შავ ზეწრებზე წაუსვეს და ტერიტორიაზე განათავსეს. ექსპერიმენტის დაწყებისას "კოღოსფეროში" 1500 კოღო მოათავსეს.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ სოკოს გამოყენების გარეშე "კოღოსფეროში" კოღოების რაოდენობამ რადიკალურად მოიმატა. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული სოკოს სპორები განათავსეს, 45 დღეში "კოღოსფეროში" მხოლოდ 13 ცოცხალი კოღო დარჩა.

"გენმოდიფიცირებულმა სოკომ კოღოების პოპულაცია ორ თაობაში თითქმის სრულად გაანადგურა", — აცხადებს მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი ბრეინ ლოვეტი.

ტესტებმა ასევე აჩვენა, რომ სოკო უარყოფით გავლენას მხოლოდ კოღოებზე ახდენდა, ხოლო სხვა მწერებისათვის ის უსაფრთხო იყო.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ბონსალი აცხადებს, რომ კვლევის შედეგები შთამბეჭდავი და ოპტიმისტურია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, მალარიის შემთხვევები უფრო და უფრო იმატებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კოღოები ინსექტიციდების მიმართ ნელ-ნელა რეზისტენტულები ხდებიან, რის გამოც მათთან საბრძოლველად ახალი მეთოდების შექმნა სწრაფადაა საჭირო.